ახალი ამბები

თუ დასკვნა იტყვის, რომ სააკაშვილი მძიმედაა, სასამართლომ ღირსეული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს – პრეზიდენტი

24 ნოემბერი, 2022 • 1132
თუ დასკვნა იტყვის, რომ სააკაშვილი მძიმედაა, სასამართლომ ღირსეული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თანახმად, თუ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საექსპერტო დასკვნა იტყვის, რომ იგი მძიმედაა [და გადაყვანას საჭიროებს], სასამართლომ ღირსეული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

„არაერთხელ მითქვამს, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც ყოველდღე დიდი ყურადღებით ვარ, რადგან ვთვლი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ქვეყნის რეპუტაციისთვის და ჩვენი ღირსებისათვის. ამდენად, ჩემი ადმინისტრაციიდან ხვდებიან რეგულარულად სხვადასხვა კონსილიუმს, ხან „ემპათიას“, ხან სხვა კონსილიუმს. დღესაც არის ჩანიშნული ასეთი შეხვედრა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის თანახმად, არ იცის, რამდენად მძიმეა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ამაზე დასკვნა უნდა წარადგინონ „სხვებმა, ვისაც ეს ევალება“.

ამასთან, იგი აცხადებს, რომ თუ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობა „იმ დონეზეა დაზიანებული, – და თუ ასეთი დასკვნა იქნება, – ეს [დასკვნა] უნდა წარედგინოს სასამართლოს და სასამართლომ უნდა მიიღოს ღირსეული გადაწყვეტილება“.

„ეს გადაწყვეტს ორი მიმართულებით პრობლემას: პირველი, – თუ ამ დონეზე არის დაზიანებული მისი ჯანმრთელობა და, იმედი მაქვს, ეს ასე არ არის, – ჯანმრთელობის პრობლემას.

ეს ასევე გადაწყვეტს მეორე პრობლემას – ამით სასამართლო გარანტიას მოგვცემს, რომ დამოუკიდებელია, რაც ქვეყნისთვის არანაკლებად მნიშვნელოვანი იქნება. ამის სურვილი მაქვს, სასამართლომ დაგვიმტკიცოს, თუკი დაიდება დასკვნა, რომელიც ამას მოითხოვს. ეს არის ალბათ, ვექილების ვალდებულება, რომ სასამართლოში შეიტანონ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ჟურნალისტების დამაზუსტებელ კითხვაზე, თუ იქნება დასკვნა, რომ სააკაშვილი არის „მართლაც ძალიან ცუდად“, ემხრობა თუ არა მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას, განაცხადა:

„სხვა გზა არ არსებობს, ეს არის სწორი გზა, რომელიც ჩვენი კანონმდებლობით. მაგრამ ეს ყველაფერი დამოკიდებული არის სწორედ კონსილიუმზე, მათ დასკვნაზე, უნდა იყოს ძალიან მკაფიო და ეს უნდა წარუდგინონ ვექილებმა სასამართლოს და, დიდი იმედი მაქვს, სასამართლო ამ შემთხვევაში იქნება მოწოდების სიმაღლეზე“.


24 ნოემბრის დილას სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ პრეზიდენტ ზურაბიშვილის ადმინისტრაციაში პრეზიდენტთან აუდიენცია ითხოვა.

ადვოკატის თანახმად, პრეზიდენტთან მისი შეხვედრა სასწრაფოა, რადგან სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა; ხაჭაპურიძის თქმით, მას სურს, პრეზიდენტს გააცნოს სააკაშვილის საქმის მასალები, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ამაზე საექსპერტო დასკვნა.

ხაჭაპურიძის თქმითვე, სალომე ზურაბიშვილს შეწყალების თხოვნით არ მიმართავენ, თუმცა აპირებენ, სთხოვონ სასჯელის გადავადება და სააკაშვილის საქმის განსახილველად ნაფიცი მსაჯულებისათვის გადაცემა.

რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მას არ შეუძლია მიხეილ სააკაშვილის შეწყალება, თუმცა აზუსტებს, რომ რომც შეეძლოს, ექსპრეზიდენტს არ შეიწყალებდა; ამავე დროს, ამბობს, რომ ექსპრეზიდენტის ციხეში სიკვდილი არ სურს.

ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი