ახალი ამბები

„არ გვინდა, ექსპრეზიდენტი ციხეში დაიღუპოს“ – ზურაბიშვილი

21 ნოემბერი, 2022 • 1094
„არ გვინდა, ექსპრეზიდენტი ციხეში დაიღუპოს“ – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მას არ შეუძლია მიხეილ სააკაშვილის შეწყალება, თუმცა აზუსტებს, რომ რომც შეეძლოს, ექსპრეზიდენტს არ შეიწყალებდა; ამავე დროს, ამბობს, რომ ექსპრეზიდენტის ციხეში სიკვდილი არ სურს.

21 ნოემბერს BBC-ის გადაცემა Hardtalk-ში ჟურნალისტ ზეინაბ ბადავის კითხვაზე, – იმ შემაშფოთებელი შეფასებების ფონზე, რაც ექიმების კონსილიუმს ჰქონდა ექსპრეზიდენტის მდგომარეობაზე, რატომ არ იწყალებს მიხეილ სააკაშვილს, როდესაც ამის ძალა აქვს, – პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა უპასუხა:

„მე არა მაქვს ეს ძალა. ერთი ძალიან მარტივი მიზეზის გამო: განაჩენის გამოტანის პროცესი დასრულებული არ არის, მას კვლავ ასამართლებენ და, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, შეწყალება მხოლოდ მაშინ შეიძლება, როდესაც ყველაფერი დასრულებულია“.

დამაზუსტებელ კითხვაზე, რომ შეეძლოს, შეიწყალებდა თუ არა მას, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა:

„ეს სხვა საკითხია. მე არაერთხელ განმიმარტავს საქართველოში, რატომ არ გავაკეთებდი ამას – იმიტომ, რომ ეს ძალიან ძლიერი მაპოლარიზებელი ფაქტორია. ხალხს გამოუცდია, ცხოვრობდა მის რეჟიმში და პრაქტიკულად ერთი ოჯახიც არ არის საქართველოში, რომელსაც არ გამოუცდია, რას ნიშნავდა ასეთი ავტოკრატიული რეჟიმის ყოლა.

ასე რომ, არ მიმაჩნია, რომ კიდევ უფრო მეტი პოლარიზაციის ინსტრუმენტი უნდა გავხდე. მაგრამ, ამავე დროს, მე ვარ მეთაური ქვეყნისა, სადაც არ გვინდა, რომ ყოფილი პრეზიდენტი ციხეში დაიღუპოს, ან გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს…

საჯაროდაც მითქვამს საქართველოში, რომ მისი ექსტრადირება უნდა განხორციელდეს, უფრო სწორად, არ ვიცი, რა არის სწორი ტერმინი – უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, დამატებითი [კვლევები ჩაუტარდეს]… ის კლინიკაში ბოლო 6 თვეა. მაგრამ ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ“.


საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რამდენჯერმა განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს არ შეიწყალებს.

ამასთან, ის ამბობდა, რომ სააკაშვილი მიჩნეულ უნდა იქნას განსაკუთრებულ პატიმრად და ხელისუფლებამ ყველა ზომა მიიღოს მისი ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად.

სალომე ზურაბიშვილმა სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებისა და დაპატიმრებისთანავე გამოაცხადა პასუხი კითხვაზე, აპირებს თუ არა სააკაშვილის შეწყალებას: „პასუხი არის ერთი, მარტივი და საბოლოო – არა და არასოდეს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი