ახალი ამბები

ცესკოს არითმეტიკა

21 მაისი, 2010 • 1801
ცესკოს არითმეტიკა

სულხან სალაძის ფოტო
სულხან სალაძის ფოტო

ბათუმში ამომრჩეველთა რიცხვი, ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებიდან დღემდე, 10-ათასამდე ამომრჩევლითაა გაზრდილი. ცენტრალური და საოლქო საარჩევნო კომისიების მონაცემები კი ერთმანეთისგან განსხვავებულია. “ბათუმელებმა” ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების მიხედვით დაადგინა, რომ ბათუმის ამომრჩეველთა სიებში 3 ათასამდე გაურკვეველი ამომრჩეველია შეყვანილი.

საარჩევნო კომისიების მონაცემებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში ამომრჩეველთა რიცხვი ბათუმში სულ ცოტა 9 690-ით არის გაზრდილი. რამდენით გაიზარდა ამომრჩეველთა რაოდენობა და რა არის გაზრდის კონკრეტული მიზეზები, კომისიებში ვერ ასახელებენ. 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერი, ჯულია გიორგაძე: “აიღეთ ვებ-გვერდიდან ცესკოს 2008 წლის მონაცემები და შეადარეთ 2010 წლის 9 აპრილს გამოქვეყნებულ მონაცემებს. განსხვავება რაც იქნება, იმდენითაა მატება”.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმდინარე წლის აპრილის მონაცემებით, ბათუმში 105 369 ამომრჩეველია, ბათუმის საოლქო კომისიის ინფორმაციით კი – 105 085.

2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ცესკოს მონაცემებით ბათუმში 95 908 ამომრჩეველი იყო.

მოგვიანებით ცესკომ არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობის სტატისტიკაც გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა უკვე 95 394-ა. ეს ორივე მონაცემი დღემდე ცესკოს ვებგვერდზეა განთავსებული.

5 იანვრის კენჭისყრის შედეგების ბათუმის საოლქო კომისიის შემაჯამებელ ოქმში კი, ცესკოს მონაცემებისგან განსხვავებით, ბათუმში ამომრჩეველთა რაოდენობა 98 769-ა, ანუ 3 375-ით მეტია დაფიქსირებული.

განსხვავებაა შემაჯამებელ ოქმსა და ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ცესკოს ანგარიშებს შორისაც. ოლქის ოქმის მიხედვით, 5 იანვარს არჩევნებში ხმა მისცა 50 432-მა ამომრჩეველმა, ცესკოს მონაცემებით კი – 1 674 ამომრჩევლით ნაკლებმა.

ბათუმის საოლქო კომისიაში 2010 წლისთვის ამომრჩეველთა რაოდენობის გაზრდის ერთ-ერთ მიზეზად ხელვაჩაურის სოფლების ქალაქთან მიერთებას ასახელებენ, თუმცა ზუსტ ციფრს ვერ გვაწვდიან.

#79 ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის იურისტი, მალხაზ ბოლქვაძე: “ზუსტი ციფრი, თუ რამდენი ამომრჩეველი შემოგვემატა, არ ვიცი, მაგრამ ექვსი ათასზე მეტი რომ არის ხელვაჩაურიდან მატება, ზუსტად ვიცი. ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, ბათუმში 97 727 ამომრჩეველმა მისცა ხმა, ამ არჩევნებზე კი ექვსნახევრიანი მატება გვაქვს”.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ნინო ლომჯარია:  “ამომრჩეველთა რაოდენობა დგინდება სამოქალაქო რეესტრიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე და, შესაბამისად, ამომრჩეველთა სიების დადგენისას, ცესკო ამ მონაცემებს იყენებს. წინა არჩევნების შემაჯამებელ ოქმებს ან ზეპირ დაანგარიშებებს საარჩევნო სიასთან არანაირი კავშირი არ აქვს. სამართლებრივად სანდო წყაროა ცესკოს მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებული მონაცემები, რადგან საარჩევნო სიების ფორმულირებაზე ის არის პასუხისმგებელი”.

#83 ხელვაჩაურის საოლქო კომისიის თავმჯდომარე ომარ ვარშანიძე: “ჩვენი მონაცემებით, ხელვაჩაურის ოლქში 65 501 ამომრჩეველია. ეს ციფრი მივიღეთ  გამოკლებული უბნების შემდეგ. დაახლოებით (ზუსტი მონაცემი არ მაქვს) 6 ათასამდე ამომრჩეველი მოგვაკლდა”.

ცესკოს პრესსპიკერი ჯულია გიორგაძე: “რამდენი ამომრჩეველი შეუერთდა ხელვაჩაურის ოლქიდან ბათუმს, არ არის დათვლილი. ზუსტი მონაცემი არ მაქვს”.

ბათუმის საზღვრების გაფართოების გამო ბათუმში 30 მაისის არჩევნებისთვის დამატებით ხუთი უბანი შეიქმნა, რომლებზეც ხელვაჩაურის ოლქის ყოფილი ამომრჩევლები მიამაგრეს. “ბათუმელებმა” სიები უბნებზე გადაამოწმა. აღმოჩნდა, რომ სიების მიხედვით, ბათუმის ოლქს 5 533 ამომრჩეველი დაემატა, რომლებიც ადრე ხმას ხელვაჩაურის ოლქში აძლევდნენ. ბუნებრივია, ამდენივე უნდა მოკლებოდა ხელვაჩაურის ოლქს. თუმცა ოფიციალური სტატისტიკა სხვაა: 5 იანვრის არჩევნებზე ხელვაჩაურის ოლქში 67 507 ამომრჩეველი იყო. ბათუმის გაფართოების შემდეგ ეს ციფრი 62 ათასამდე მაინც უნდა ჩამოსულიყო და ამას უნდა დამატებოდა ის 1 000 ადამიანი, რომელიც ომარ ვარშანიძის განცხადებით, ამ პერიოდში დემოგრაფიული მატებაა. ანუ ხელვაჩაურში 63 ათასი ამომრჩეველი უნდა იყოს (მოგვიანებით ომარ ვარშანიძემ “ბათუმელებთან” განაცხადა, რომ “ზუსტად არავინ იცის, რამდენი ამომრჩეველი მოგვაკლდა ან დაგვემატა”).

 

ცესკოს მონაცემებით ამჟამად ხელვაჩაურში 66 708 ამომრჩეველია, ხელვაჩაურის საოლქო საარჩევნო კომისიაში კი აცხადებენ, რომ მათ ხელთ არსებული სიებით 1 207-ით ამომრჩევლით ნაკლები. “ალბათ, ცესკოს ძველი მონაცემები აქვს” – აცხადებს ხელვაჩაურის ოლქის თავმჯდომარე ომარ ვარშანიძე.

 

ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებიდან დღემდე ბათუმის ამომრჩეველთა რიცხვი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 9 690-ით გაიზარდა. ამას ხელვაჩაურიდან დამატებული ამომრჩევლების რაოდენობა რომ გამოვაკლოთ, მატება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის 4 157 იქნება. მალხაზ ბოლქვაძის განცხადებით კი, ბათუმის ამომრჩეველთა რიცხვი დემოგრაფიულად მხოლოდ 1000 კაცითაა გაზრდილი.

 

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” იურისტი, თამარ არველაძე: “საარჩევნო სია ზუსტდება სამოქალაქო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით და ეს მონაცემები შემდეგ ოლქებში იგზავნება”.

 

სამოქალაქო რეესტრის მიერ “ბათუმელებისთვის” მოწოდებული ინფორმაციით, 2008-2009 წლებში და მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში ბათუმში 3 044 გარდაცვლილია რეგისტრირებული. ინფორმაცია, თუ რამდენს შეუსრულდა ამ პერიოდში 18 წელი, სამოქალაქო რეესტრმა არ მოგვაწოდა. თუმცა აჭარის განათლების სამინისტროს ვებ-გვერდის მონაცემებით, ბათუმის საჯარო და კერძო სკოლებში ყოველწლიურად მე-9 კლასში საშუალოდ 2 300 მოსწავლე (15 წლის) სწავლობს. ბოლო ორ წელიწადშიში კი ბათუმში 4600 მოსწავლეს შეუსრულდებოდა 18 წელი. ანუ, დემოგრაფიული მატება, რაც ამომრჩეველთა რაოდენობაზე აისახებოდა 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან დღემდე, სადღაც 1600 თუ იქნება. აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ცესკომ მესაკუთრის განცხადების საფუძველზე ბათუმში რეგისტრაციიდან 379 ამომრჩეველი მოხსნა.

 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ბათუმში 122 500 ადამიანი ცხოვრობს. ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემებით კი 105 085 საარჩევნო სიებშია, ანუ მთლიანი მოსახლეობის 86 პროცენტი ამომრჩეველია. გამოდის, რომ ბათუმში 18 წლამდე ასაკის მხოლოდ 17 415 არასრულწლოვანი ცხოვრობს. თუმცა ბათუმის რესურსცენტრის ინფორმაციით, მარტო ქალაქის საჯარო და კერძო სკოლებში 22 568 მოსწავლე (1 აპრილის მდგომარეობით) სწავლობს. ამასთან, ბათუმის მერიის ინფორმაციით ქალაქის ბაგა-ბაღებში დღეს 3 538 ბავშვი ირიცხება. 

 

“ბათუმელების” მიერ ზემოაღნიშნული მონაცემების შეჯერებით კი ბათუმში მინიმუმ 26 106 არასრულწლოვანია (და არა 17 415). ამასთან, თუ მოსახლეობის მთლიან რაოდენობას არასრულწლოვანთა რიცხვს გამოვაკლებთ, ბათუმში 96 394 ამომრჩეველს მივიღებთ. თუ იმასაც დავუშვებთ, რომ სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებში არ შედის ხელვაჩაურიდან შემომატებული მოსახლეობა, ბათუმის ამომრჩეველთა რიცხვი 102 000-ს მაინც არ გადააჭარბებს. რაც შეეხება შიდა მიგრაციას, პირი, რომელიც იცვლის მისამართს, კანონით ვალდებულია, ყოველ ექვს თვეში ერთხელ გაიაროს ხელახალი რეგისტრაცია, ამდენად, ასეთი მოქალაქეები აუცილებლად აღმოჩნდებოდნენ სტატისტიკურ მონაცემებში.

ბათუმის შემთხვევაში ისიც აღსანიშნავია, რომ შემომატებული ამომრჩევლის ხელახალი პასპორტიზაცია სრულად არ განხორციელებულა, რამაც, შესაძლებელია, სიებში გაორებასაც შეუწყოს ხელი.

 

ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, კახაბერ ჯაიანი: “გამორიცხული არ არის, ხელვაჩაურის ყოფილი ამომრჩევლების დაახლოებით ხუთმა პროცენტმა ხმა ისევ ხელვაჩაურის საარჩევნო უბნებში მისცეს”.

30 მაისის თვითმმართველობის არჩევნებში ბათუმის საარჩევნო უბნებზე, საუკეთესო შემთხვევაში, სულ ცოტა 3 000 გაურკვეველი ამომრჩეველი მისცემს ხმას.

ამომრჩეველთა სიებში ცვლილებების შეტანის ბოლო ვადა უკვე ამოწურულია. ამომრჩეველს ცვლილებებთან დაკავშირებით სასამართლოსთვის მიმართვის უფლება 18 მაისის 20 საათამდე ჰქონდა.

 

მასალა მომზადებულია პროექტის ,,გადამოწმება დემოკრატიისთვის” ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ფონდების “ნაციონალური წვლილი დემოკრატიისთვის“(NED)  და ,,B|S|T’’ ფინანსური მხარდაჭერით. საავტორო უფლება ეკუთვნის შპს „გაზეთ ბათუმელებს“. ინფორმაციის გამოყენებისას „გაზეთ ბათუმელების“ მითითება აუცილებელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი