ახალი ამბები

მიტროპოლიტი საქართველოსა და რუსეთის პატრიარქებს შორის ურთიერთობების გაწყვეტის საფუძველს ვერ ხედავს

23 ნოემბერი, 2022 • 732
მიტროპოლიტი საქართველოსა და რუსეთის პატრიარქებს შორის ურთიერთობების გაწყვეტის საფუძველს ვერ ხედავს

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტ ნიკოლოზ ფაჩუაშვილის თქმით, რაც უკრაინაში ხდება და მანამდე საქართველომაც გაიარა, საქართველოსა და რუსეთის პატრიარქებს შორის ურთიერთობის გაწყვეტის „საკმარისი საფუძველი არ არის“.

მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა კომენტარი გააკეთა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მილოცვაზე მოსკოვის პატრიარქისადმი.

„ჩვენ ეს ყველაფერი გავლილი გვაქვს, რაც უკრაინაში დღეს ხდება — საქართველომ ეს გაიარა ჯერ კიდევ 1990-იან წლებში და მერე 2008 წლის ომში და ეს არ არის საკმარისი საფუძველი იმისა, რომ პატრიარქმა პატრიარქთან ურთიერთობა გაწყვიტოს“, — ასე გამოეხმაურა მიტროპოლიტი ნიკოლოზი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მილოცვას მოსკოვის პატრიარქისადმი.

მიტროპოლიტი ნიკოლოზი ამბობს, რომ უკრაინა სახელმწიფოა, მაგრამ უკრაინის ეკლესია რუსეთის საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია და არ იზიარებს კირილისადმი გამოთქმულ კრიტიკას უკრაინაში ომის საკითხზე.

„რუსეთის პატრიარქს დაუსვეს შეკითხვა (მე რაც ვიცი, იმას გეუბნებით) და მან თქვა, რომ მე არ ვარ მხოლოდ მოსკოვის და რუსეთის პატრიარქიო. ის არის სრულიად რუსეთის პატრიარქი და მის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ეს ომი, ასე რომ, იმის თქმა, რომ [რუსეთის] პატრიარქი (მე სიუჟეტი ვნახე და იმიტომ ვამბობ) ყუმბარებს მირონს სცხებს და ისე აგზავნის სასროლად, რომ ხალხი დახოცოს, არის ტყუილი. კანონიკური ტერიტორიაა რუსეთის ეკლესიის. პასუხს აგებს პატრიარქი ამ ყველაფერზე. უკრაინა არის სახელმწიფო, რაც შეეხება ეკლესიას, ეს არის რუსეთის კანონიკური ტერიტორია“, — განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.

საქართველოს საპატრიარქოს ამ დრომდე არ უღიარებია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია მეორემ მოსკოვისა და რუსეთის პატრიარქ კირილს დაბადების დღე მიულოცა და რუსეთსა და უკრაინას შორის „სამართლიანობისა და მშვიდობის აღდგენა“ უსურვა.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მოსკოვის საპატრიარქო არაერთგზის იქცა კრიტიკის ობიექტად. მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა განაცხადა, რომ „ცოდვებისგან განიწმინდება ის, ვინც სამხედრო მოვალეობის შესრულებისას მოკვდება“. მან ასევე თქვა, რომ „რუსეთი არასდროს არავის დასხმია თავს“ და ა.შ. რუსეთის აგრესიის გამართლების გამო რუსეთის ეკლესიის ლიდერებს მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინელი მღვდლებიც კი დაუპირისპირდნენ.

გისურვებთ, მალე აღდგეს სამართლიანობა და მშვიდობა რუსეთსა და უკრაინას შორის – ილია II კირილს

მასალების გადაბეჭდვის წესი