ქალი, რომლის დაჭრაშიც ქმარია ბრალდებული, დღეს კლინიკაში გარდაიცვალა. ამის შესახებ ნეტგაზეთს ორგანიზაციის „უფლებები საქართველოს“ იურისტმა, ელისო რუხაძემ უთხრა.
ინციდენტი 4 სექტემბერს მოხდა. იურისტის თქმით, იმ დღეს ქალმა ქმრისგან თავის დაღწევა სცადა და მშობლებთან მივიდა. ოჯახების გადაწყვეტილებით, მარიამი ქმრის სახლში დააბრუნეს – მას შემდეგ კი, რაც კვლავ მარტო დარჩა კაცთან, ქმარმა ესროლა.
27 წლის ქალი კლინიკაში გადაიყვანეს – „იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე. ფაქტობრივად, გონზე არ მოსულა. სამწუხაროდ, გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა“.
მომხდარს არასრულწლოვანი ბავშვები – 10 და 6 წლის სკოლის მოსწავლეები შეესწრნენ. ელისო რუხაძე იხსენებს, რომ მათთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებისთვის ბრძოლა დასჭირდა. მომხდარის შემდეგ ბავშვები არ დადიოდნენ არც სკოლაში. საბოლოოდ, ბავშვებმა ეს სტატუსი მიიღეს და მათ რეაბილიტაციაში სახელმწიფო მომსახურებიც ჩაერთო.
ამჟამად ბავშვები თბილისში არიან, არაძალადობრივ გარემოში.
რაც შეეხება კაცს, ის წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. ამ ეტაპზე განიხილება მისი ფსიქიკური შერაცხადობის საკითხი.