ახალი ამბები

2024 წლამდე არ გამოცხადდება ტენდერი „ახმეტელზე“ მეტროს მეორე ამოსასვლელის მოსაწყობად

22 ნოემბერი, 2022 • 1013
2024 წლამდე არ გამოცხადდება ტენდერი „ახმეტელზე“ მეტროს მეორე ამოსასვლელის მოსაწყობად

მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრზე“ დამატებითი ამოსასვლელის მოსაწყობად სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით ტენდერი, სავარაუდოდ, 2024 წელს გამოცხადდება.

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, 22 ნოემბერს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამჟამად მიმდინარეობს მეტროსადგურების განახლების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისა და დეტალური დიზაინის მომზადებაზე ტენდერი.

როგორც კალაძემ განაცხადა, პროექტის — „ქალაქ თბილისის მეტროსადგურების მისაწვდომობის გაზრდა და გარე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება“ — ფარგლებში, დაახლოებით 16 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯება.

როგორც მან აღნიშნა, პროექტი აზიის განვითარების ბანკის (ADB) დაფინანსებით მიმდინარეობს და მოიცავს ოთხ მეტროსადგურზე მისაწვდომობის გაზრდას, ორზე დამატებითი ამოსასვლელების მოწყობას და 12 მეტროსადგურისთვის მიწისზედა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას.

„პროექტი მოიცავს თბილისის ოთხ მეტროსადგურზე („ახმეტელის თეატრი“, „დიდუბე“, „დელისი“, „ტექნიკური უნივერსიტეტი“) მისაწვდომობის გაზრდას; დამატებითი ამოსასვლელების მოწყობას მეტროსადგურების – „ახმეტელის თეატრისა“ და „მარჯანიშვილის“ ტერიტორიაზე, ხოლო მიწისზედა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას 12 მეტროსადგურისთვის. ესენია: „ღრმაღელე“, „ნაძალადევი“, „სადგურის მოედანი“, „მარჯანიშვილი“, „რუსთაველი“, „თავისუფლების მოედანი“, „300 არაგველი“, „ისანი“, „ტექნიკური უნივერსიტეტი“, „დელისი“, „დიდუბე“ და „ახმეტელის თეატრი“. ამასთანავე, შერჩეული სადგურების სრულ მექანიზაცია-აღჭურვას შშმ პირებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ამჟამად მიმდინარეობს იმ კომპანიების შეფასება, რომლებმაც ინტერესი გამოხატეს.

„ამჟამად მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვაზე. აღნიშნულ მომსახურებაში იგულისხმება მეტროსადგურების განახლების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და დეტალური დიზაინის მომზადება. საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა გამოცხადდა 2022 წლის 6 ოქტომბერს, ხოლო ინტერესთა გამოხატვის ეტაპი დასრულდა 2022 წლის 11 ნოემბერს.

ამჟამად მიმდინარეობს იმ კომპანიების შეფასება, რომლებმაც ინტერესი გამოხატეს. გადარჩეულ კომპანიებს შორის ჩატარდება კონკურსი. ტექნიკური და ფინანსური წინადადებების შეფასების შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულ კომპანიასთან კონტრაქტი, სავარაუდოდ, მაისში გაფორმდება. ტექნიკური დავალების თანახმად, საკონსულტაციო მომსახურების გაწევის ვადა 10 თვეა, რის შემდეგაც გამოცხადდება ტენდერი სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი