ახალი ამბები

ხაბეიშვილის თქმით, წარსულში კეზერაშვილს ევსაქების მხარდაჭერის გამო აკრიტიკებდა

21 ნოემბერი, 2022 • 1124
ხაბეიშვილის თქმით, წარსულში კეზერაშვილს ევსაქების მხარდაჭერის გამო აკრიტიკებდა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი განმარტავს, თუ რატომ აკრიტიკებდა წლების წინ თავდაცვის ყოფილ მინისტრსა და „ფორმულას“ დამფუძნებელ დავით კეზერაშვილს. ამის შესახებ მან 20 ნოემბერს „ფორმულას“ ეთერში ისაუბრა.

საუბარია კეზერაშვილთან დაკავშირებით ხაბეიშვილის მიერ 2016-2017 წლებში გაკეთებულ განცხადებაზე, ანუ იმ პერიოდზე, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრთა ნაწილმა პარტია დატოვა და ახალი პარტია – „ევროპული საქართველო“ შექმნა.

ხაბეიშვილის თქმით, წლების წინ კეზერაშვილს იმიტომ აკრიტიკებდა, რომ მაშინ გიგა ბოკერიასა და თამარ ჩერგოლეიშვილს უჭერდა მხარს, რომლებიც მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილისთვის „პარტიის ახევას“ ცდილობდნენ.

“ჩემთვის ცნობილი იყო დავით კეზერაშვილის დამოკიდებულება ჩერგოლეიშვილი-ბოკერიას პარტიის მიმართ, ამაზე გაღიზიანებულს, როცა შიდაპარტიული ამბავი იყო, მაშინ მე 8 თვის განმავლობაში ენმ-ის დატოვებაც მომიწია. მაშინ პირდაპირ გაცხადებული იყო ჩემი მხრიდან და იმ ნაწილის მხრიდან, რომელიც გავედით, თუ რატომ მოხდა ეს.  ეს იყო ჩემი პირადი შეუთავსებლობა გიგასთან და ჩერგოლეიშვილთან. მე ვფიქრობდი, რომ ჩერგოლეიშვილის და ბოკერიას პარტიაში ვერ ვიქნებოდი. ასევე ვფიქრობდი, რომ ისინი მაშინ პრეზიდენტ სააკაშვილს ებრძოდნენ. ამაზე საჯაროდ ვსაუბრობდი.

მეორე ვიდეო, რომელსაც ასევე ატრიალებენ და საუბარია ენმ-ის სისუსტეზე, სწორედ ბოკერია-ჩერგოლეიშვილის მართულ ენმ-ზე ვსაუბრობ, მაშინ ასე ვუყურებდი და ნამდვილად არ შევმცდარვარ. ზუსტად ვფიქრობდი, რომ ბოკერია-ჩერგოლეიშვილი ცდილობდნენ  პარტიის ახევას მიშა სააკაშვილისთვის და ამაზე ღიად ვსაუბრობდი. ეს ორი განცხადება აქვთ, რომელსაც ატრიალებენ”, – ამბობს ხაბეიშვილი.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ შეიცვალა მისი დამოკიდებულება დავით კეზერაშვილის მიმართ. ხაბეიშვილი განმარტავს:

“ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, მათ შორის იყო ევროპული სასამართლოების გადაწყვეტილებები, ევროპული სასამართლოების რეზოლუციები, აშშ-ის დეპარტამენტის ანგარიშები კეზერაშვილის პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით, მათ შორის არის ოპოზიციური არხი „ფორმულა“ ძალიან ძვირფასი ჩემთვის”.

გარდა ამისა, ხაბეიშვილის თქმით, ის დღეს ხედავს, რომ მმართველი პარტიის პროპაგანდის მანქანას მიზანში წორედ დავით კეზერაშვილი ჰყავს ამოღებული.

თუ შევხედავ, რომ კობახიძე, „პოსტ ტვ“ და „იმედი“ ყოველდღე ლაპარაკობს თქვენზე დღეს ცუდად და თქვენგან ხატავს მტრის ხატს, მე დავფიქრდები მინიმუმ ჩემს შეხედულებებზე და მეცოდინება, რომ კობახიძის, მდინარაძის, ზარქუას პირით მე არ უნდა ვილაპარაკო და არ ვარ მაინცდამაინც  მართალ საქმეზე, რაც არ უნდა გულწრფელად გაბრაზებული ვიყო”.

რას ამბობდა ხაბეიშვილი კეზერაშვილზე 2017 წელს

2017 წელს ლევან ხაბეიშვილმა ტელეკომპანია „იბერიასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ დავით კეზერაშვილს მილიარდები ჰქონდა მოპარული და ამაზე ადეკვატური პასუხი არ იყო გაცემული.

როგორც ხაბეიშვილი აცხადებდა, ბიძინა ივანიშვილი დავით კეზერაშვილის ხელით „ვითომ ოპოზიციას“ ანუ „ევროპულ საქართველოს“ აფინანსებდა.

„მათ შეინარჩუნეს კრიმინალური ბანდა, პირდაპირ ვთქვათ, რა. წინა ხელისუფლებამ არჩევნები რატომ წააგო? – ესენი იყვნენ ყაჩაღები და მძარცველები და თავის დროზე იმ ხელისუფლებამ ვერ გასცა პასუხი, თორემ ისეთი ხალხი ხელისუფლებაში ვერ მოვიდოდა. ივანიშვილი დღეს ხელისუფლებაში არ იქნებოდა.

ხალხი ყრუ და ბრმა არ არის. კეზერაშვილმა რომ მოიპარა მილიარდები და ადეკვატური პასუხი არ იყო გაცემული, ეს არის პრობლემა. ეს კეზერაშვილი დღეს რას აკეთებს, ხომ არ იცით? –  მსახურობს ბიძინა ივანიშვილის კარზე და აფინანსებს ვითომ ოპოზიციას. დაქუცმაცებული ოპოზიცია არის ხელისუფლებისთვის საჩუქარი, რომელსაც არაფრის კეთების საშუალება არ აქვს, კრიმინალებითაა სავსე. მაგრამა ამას აკეთებს ოპოზიცია, ამას აკეთებინებს ივანიშვილი კეზერაშვილის ხელით. ეს არის ფაქტი. ამ ქვეყანაში არაფერი იმალება. ამას აკეთებს ბოკერია- ჩერგოლეიშვილის და ამ ხალხის მეშვეობით“, – აცხადებდა ლევან ხაბეიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი