საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ინფორმაციით, სინოდალური კომისიის დასკვნის საფუძველზე პატრიარქმა ილია მეორემ მთავარეპისკოპოსი ზენონი (იარაჯული) 2022 წლის 16 ნოემბრიდან გაათავისუფლა დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის ხელმძღვანელობიდან. ოფიციალური ინფორმაციითვე, მას შეუნარჩუნდა დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქიის მმართველობა. საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად კი საკითხი განიხილება წმინდა სინოდის სხდომაზე.
საპატრიარქოს განცხადებაში აღნიშნულია:
კომისიამ იმსჯელა ზემოხსენებული საკითხის შესახებ. კერძოდ, ითქვა, რომ აღნიშნული ეპარქიის მთავარეპისკოპოს ზენონს (იარაჯული) მიმდინარე წლის 26 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ გაეგზავნა წერილი თხოვნით, ახლო მომავალში ჩამოსულიყო საქართველოში, რათა მისი მხრიდანაც მომხდარიყო ინფორმაციის მოწოდება შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით.
მეუფე ზენონმა, დაგეგმილი საქმიანი შეხვედრების საბაბით, 10 ნოემბრამდე გადადო გამომგზავრება, თუმცა დათქმულ დროსაც არ ჩამოვიდა მიზეზის აუხსნელად და კვლავ გადადო ჩამოსვლა გაურკვეველი ვადით.
კომისიამ არასაპატიოდ მიიჩნია მთავარეპისკოპოს ზენონის ეს ქმედება და, ეპარქიაში შექმნილი მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, მის დაუსწრებლად შეუდგა საქართველოს ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამრევლოში განვითარებული მოვლენების შესწავლას.
წმინდა სინოდის წევრები დეტალურად გაეცვნენ არსებულ ვითარებას და მიიჩნიეს, რომ მთავარეპისკოპოსი ზენონი უნდა გათავისუფლდეს საქართველოს ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიიდან.
აღნიშნულის შესახებ კომისიის დასკვნა გადაეცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, როგორც საქართველოს ეკლესიის სინოდიდან სინოდამდე პერიოდში უმაღლეს საეკლესიო მმართველს“.