ახალი ამბები

ამ ომის გამჩერებელი არავინ არის – ღარიბაშვილი

18 ნოემბერი, 2022 • 1196
ამ ომის გამჩერებელი არავინ არის – ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ომის გამჩერებელი არავინაა.

ამის შესახებ მან დღეს, 18 ნოემბერს, პარლამენტში ისაუბრა.

მისი თქმით, ასეთი გამოწვევა მეორე მსოფლიო ომისა და ცივი ომის შემდეგ არ ყოფილა და მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობამ „ძლიერი ეკონომიკური ზრდა“ მოახერხა.

„ასეთი გამოწვევა არ ყოფილა მეორე მსოფლიო ომისა და ცივი ომის დასრულების შემდეგ. მსოფლიო დგას ბირთვული ომის საშიშროების წინაშეც კი. დაბრუნდა ბირთვული ომის რიტორიკა, რაც ყოვლად დაუშვებელია, და ჩვენ ეს კარგად უნდა გვესმოდეს, თუ რამხელა საფრთხეები და რამხელა რისკები ახლავს ამ ყველაფერს. უკრაინის ტერიტორიის 20% დღეს პოლიგონად არის გადაქცეული. კარგად ვხედავთ, რაც ხდება. ამ ომის გამჩერებელი არავინ არის.

ასეთ ვითარებაში უპასუხისმგებლო ქმედება არის ღალატის ტოლფასი ნებისმიერი სახელმწიფოს მხრიდან. შეხედეთ ევროპის სახელმწიფოებს, ნატოს წევრ სახელმწიფოებს, როგორ მოქმედებენ – ჯერ იცავენ საკუთარ ეროვნულ ინტერესებს და შემდეგ სხვა ქვეყნებს უზიარებენ საკუთარ რესურსებს თუ სხვა დახმარებას. კიდევ ერთხელ მინდა ვცადო და მოგიწოდოთ – ოპოზიციას მივმართავ – ჩვენ თუ არ ვისწავლეთ ჩვენს ქვეყანაზე ზრუნვა, გვეყო, რაც დამანგრეველი, კატასტროფული შცდომები დავუშვით მას შემდეგ, რაც აღვადგინეთ დამოუკიდებლობა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი