ახალი ამბები

GSAC და „ჯეოქეისი“ ეროვნული თანხმობის აკადემიურ პლატფორმას ქმნიან

18 ნოემბერი, 2022 • 2480
GSAC და „ჯეოქეისი“ ეროვნული თანხმობის აკადემიურ პლატფორმას ქმნიან

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრმა (GSAC) და ანალიტიკურმა ორგანიზაციამ „ჯეოქეისმა“ „ეროვნული თანხმობის დეკლარაცია“ გააფორმეს.

ორი ანალიტიკური ორგანიზაცია პროექტს „ეროვნული თანხმობის აკადემიური პლატფორმა“ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

„მოხარულები ვართ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მხარს უჭერს ამ ინიციატივას, რომლის მთავარი მიზანია, გააერთიანოს განსხვავებული მოსაზრებების მქონე ჯგუფები და შეიქმნას გარკვეული პლატფორმა, სადაც მოხდება განსხვავებული მოსაზრებების ცივილიზებულად განხილვა. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ აღარ იქნება განსხვავებული აზრი და ყველას შეხედულება ერთმანეთს დაემთხვევა, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის ფორმატების შექმნა“, — განაცხადა აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა „ეროვნული თანხმობის აკადემიური პლატფორმის“ პრეზენტაციაზე.

ეროვნული თანხმობის დეკლარაციაში საუბარია, რომ ქვეყანაში არსებული პოლარიზაცია აფერხებს ქვეყნის განვითარებას და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის ისტორიულ შესაძლებლობას და ხაზგასმულია კონსოლიდაციის აუცილებლობა.

GSAC-ისა და „ჯეოქეისის“ აზრით, აკადემიური და სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობამ მაგალითი უნდა მისცეს პოლიტიკურ ძალებსა და სრულიად საზოგადოებას, რომ კომპრომისების გზით მიღწეულ იქნას დეპოლარიზაცია და ეროვნული თანხვედრა ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე.

დეკლარაციის თანახმად, საქართველოს აკადემიური და სამოქალაქო საზოგადოების წევრები:

  • თანხმდებიან, რომ საქართველომ მტკიცედ უნდა განაგრძოს დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება, სადაც გამართულად ფუნქციონირებენ დემოკრატიული ინსტიტუტები, გარანტირებულია მედიის თავისუფლება და სასამართლოს დამოუკიდებლობა; განურჩევლად მათი პოლიტიკური, ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა ნიშნით კუთვნილებისა, დაცულია მოქალაქეთა უფლებები, უსაფრთხოება, კეთილდღეობა და უზრუნველყოფილია განვითარების პერსპექტივები;
  • მიიჩნევენ, რომ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელია, უარი ითქვას პოლარიზაციასა და აგრესიულ რიტორიკაზე;
  • მიიჩნევენ, რომ დეოკუპაციის უზრუნველსაყოფად და გამყოფი ზოლის მიღმა დარჩენილი მოქალაქეების ერთიან სახელმწიფოში ინტეგრირების ხელშეწყობის მიზნით, აუცილებელია საერთო ეროვნული სტრატეგიის შემუშავება, რომელიც დაეფუძნება ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენის პრინციპს;
  • მიიჩნევენ, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად, რაც წინაპირობაა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, მნიშვნელოვანია შესაბამისი რეფორმების განხორციელება და ადასტურებენ ამ გზაზე ევროკავშირის 12 პირობის განუხრელი შესრულების აუცილებლობას. აცნობიერებენ, რომ ამ შანსის ხელიდან გაშვება მხოლოდ დაგვაშორებს ევროკავშირში ინტეგრაციის ახლო პერსპექტივას;
  • მიიჩნევენ, რომ ნატოში გაწევრიანება წარმოადგენს ქართველი ხალხის კონსტიტუციურ არჩევანს და საქართველოს უსაფრთხოების და თავდაცვის უზრუნველყოფის ქმედით მექანიზმს;
  • თანხმდებიან, რომ თავდაცვის სფეროს მდგრადობა და განვითარება უნდა გახდეს სახელმწიფოსა და საზოგადოების მთავარი საზრუნავი;
  • მიიჩნევენ, რომ საქართველომ უნდა გააგრძელოს გახსნილი საბაზრო ეკონომიკის მშენებლობა და უზრუნველყოს ეკონომიკის ისეთი სექტორების სწრაფი განვითარება, რაც გამოიწვევს კეთილდღეობის გაზრდას თითოეული მოქალაქისთვის;
  • მიიჩნევენ, რომ მოსახლეობის განათლების დონის გასაზრდელად აუცილებელია განათლების ყველა საფეხურის ფუნდამენტური რეფორმირება თანამედროვე მოთხოვნებისა და გამოწვევების გათვალისწინებით;
  • თანხმდებიან, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხარისხი და ხელმისაწვდომობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, ხოლო სოციალური დაცვის სამართლიანი პოლიტიკა უნდა მოიცავდეს იმ მოწყვლად ჯგუფებს და ადამიანებს, რომლებიც ყველაზე მეტად საჭიროებენ სახელმწიფოს დახმარებას.

ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისს“ ძირითად მიზნებად გამოცხადებული აქვს საერთაშორისო პარტნიორების, მოკავშირეებისა და მხარდამჭერებისთვის ქვეყნის შესახებ „ობიექტური და მიუკერძოებელი ინფორმაციის“ მიწოდება; საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობა; ეკონომიკური წინსვლისთვის აუცილებელი ანალიტიკური და სარეკომენდაციო წინადადებების შემუშავება; საზოგადოების სახელმწიფოებრივი, სამოქალაქო და სამართლებრივი თვითშეგნების ზრდის პროცესის ხელშეწყობა. ორგანიზაცია სთავაზობს სახელმწიფო ინსტიტუციებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს ექსპერტიზით უზრუნველყოფას, ანალიზს და პოლიტიკაზე რეკომენდაციების შემუშავებას. „ჯეოქეისის“ გამგეობის თავმჯდომარე არის ვიქტორ ყიფიანი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატია “კრედიტ სუისთან” დავაში.

„ეს წამოწყება არ არის პარტიული კუთვნილება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის საზოგადობრივი კუთვნილება. ამ პროექტის წარმატება, გამარჯვება და დაგვირგვინება იქნება ჩვენი საზოგადოების გამარჯვება. რაში გამოიხატება ეს გამარჯვება? — ვისწავლოთ ერთმანეთთან საუბარი, დავეუფლოთ საუბრის კულტურას, შევეჩვიოთ საპირისპირო აზრის მოსმენას და თუნდაც იმ საპირისპირო აზრში საერთოს მოძებნასა და გარკვეული შეთანხმების მიღწევას. ეს არის ის, რაც დღეს ყველაზე მეტად გვაკლია“, — განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი (GSAC) არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მიზნად ისახავს კვლევების, ანალიზის, ახალგაზრდა ლიდერების მომზადების და სხვადასხვა აქტივობების გზით, შექმნას ანალიტიკური და სადისკუსიო პლატფორმა საქართველოსთან დაკავშირებული სხვადასხვა პოლიტიკური საკითხების (სტრატეგიული, საგარეო და საშინაო) და გადაწყვეტილებების შესაფასებლად. ორგანიზაციის თავმჯდომარეა გელა ბეჟუაშვილი. დამფუძნებელ წევრებს შორის არიან: ნოდარ ხარშილაძე, გიორგი თარგამაძე, ლაშა ძებისაშვილი, გიორგი რუხაძე და სხვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი