ახალი ამბები

Pussy Riot-ის აქტივისტი და 2 რუსი ჟურნალისტი ამბობენ, რომ საქართველოში არ შემოუშვეს

16 ნოემბერი, 2022 •
Pussy Riot-ის აქტივისტი და 2 რუსი ჟურნალისტი ამბობენ, რომ საქართველოში არ შემოუშვეს

რუსული ოპოზიციური მედიასაშუალება „სააგენტო“ (agents.media/Агентство) იუწყება, რომ რუსი აქტივისტის და ჟურნალისტების განცხადებით, საქართველოში არ შემოუშვეს.

„სააგენტომ“ 16 ნოემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, მათთან საუბარში სამი ადამიანი ამბობს, რომ 2022 წლის ნოემბერში საქართველოში შემოსვლაზე უარი განუცხადეს.

ესინი არიან:

  • Pussy Riot-ის აქტივისტი ნიკა ნიკულშინა;
  • „პროექტის“ ჟურნალისტი კატია არენინა;
  • „მედიაზონის“ მენეჯერი გალა ლატიგოვსკაია.

Pussy Riot-ის აქტივისტის ნიკა ნიკულშინას თქმით, იმის მიუხედავად, რომ საქართველოში ექვსთვიანი იჯარის ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული იმავე მესაკუთრესთან, ვისგანაც ადრე იქირავა ბინა, მაინც უარი უთხრეს შეშვებაზე.

იგი იხსენებს, რომ საქართველოში შესვლა 1 ნოემბერს სცადა და უარის მასაც ბუნდოვანი მიზეზით უთხრეს.

„დაახლოებით ორი საათის განმავლობაში დამაყოვნეს საზღვარზე… სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებს არაფერი განუმარტავთ, მაგრამ იმ დოკუმენტში, რაც გადმომცეს, მონიშნულია „სხვა მიზეზი“. როგორც ვიცი, ყველას ასე უწერენ“, – ამბობს აქტივისტი.

არენინამ „სააგენტოს“ განუცხადა, რომ საზღვრის კვეთის საშუალება 14 ნოემბერს არ მისცეს.

დოკუმენტში, რაც მესაზღვრეებმა გადასცეს, ქვეყანაში შეშვებაზე უარის საფუძველი დაკონკრეტებული არ ყოფილა და „სხვა მიზეზი“ ეწერა.

„გადავეცი პასპორტი, [სასაზღვროს] თანამშრომელმა ქალმა კომპიუტერში თავისთვის რაღაცა ნახა და 10 წუთი ხმა არ ამოუღია“, – ამბობს არენინა.

მისი თქმით, დაახლოებით 40 წუთში მეორე მესაზღვრე მივიდა, უარის ფურცელი მისცა და განუცხადა, რომ არ უშვებდნენ და მეტს ვერაფერს ეტყოდა.

გალა ლატიგოვსკაია, რომელიც 2 ნოემბერს მიფრინავდა საქართველოში, ამბობს, რომ არც მისთვის განუმარტავთ არშეშვების მიზეზი:

„50 წუთი ველოდე [მესაზღვრეებს]. ბოლოს ერთმა ადამიანმა მოირბინა, მკითხა, რომელ რეისს გამოვყევი. ვუთხარი, Turkish Airlines-ს-მეთქი, და მითხრა: „სწრაფად, სწრაფად, ახლა უკან გაფრინდებით“.

„ნეტგაზეთი“ ცდილობს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან კომენტარის მიღებას ამ საკითხზე.


უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ, რუსეთში ხელისუფლების კრიტიკოსთა დევნა გაძლიერდა. ომის საწინააღმდეგო აქციებზე ათასობით ადამიანი დააკავეს, რიგი კრიტიკული მედიასაშუალებები კი დაბლოკეს. ამ ფონზე რუსეთი დატოვა კრემლის არაერთმა კრიტიკოსმა.

ოპოზიციონერი აქტივისტებისა და ჟურნალისტების ნაწილი საქართველოში წამოვიდა. ზოგიერთი მათგანი ქვეყანაში არ შემოუშვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო სხვადასხვა შემთხვევაში უარის საფუძვლად ასახელებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტს.

ეს კანონი საზღვრის კვეთაზე უარის თქმის საფუძვლად ითვალისწინებს რვა კონკრეტულ შემთხვევას — დოკუმენტების მოუწესრიგებლობას, გაყალბებას და ა.შ.. თუმცა მეცხრე, „ი“ ქვეპუნქტი კანონშივე დაუზუსტებელია: ის გულისხმობს არშემოშვებისთვის „სხვა“ საფუძვლის არსებობას. იქ არ არის დაკონკრეტებული, თუ რა შეიძლება ეს „სხვა შემთხვევა“ იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი