ახალი ამბები

ორბანმა თავდაცვის საბჭო მოიწვია „დრუჟბას“ ნავთობსადენის გაჩერების გამო

16 ნოემბერი, 2022 • 655
ორბანმა თავდაცვის საბჭო მოიწვია „დრუჟბას“ ნავთობსადენის გაჩერების გამო

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა მოიწვია თავდაცვის საბჭოს სხდომა მას შემდეგ, რაც „დრუჟბას“ მილსადენზე ნედლი გადაზიდვები შეჩერდა და აფეთქება მოხდა აღმოსავლეთ პოლონეთში, უკრაინის საზღვართან მდებარე სოფელში.

„როიტერსის“ ცნობით, შეხვედრამდე უნგრეთის თავდაცვის მინისტრმა სატელეფონო კონსულტაცია გამართა ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან.

„რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, „დრუჟბას“ ნავთობსადენის გაჩერების შესახებ თავდაპირველად გამოაცხადა რუსულმა კომპანია „ტრანსნეფტმა“ ,სავარაუდოდ, უკრაინული მხარის შეტყობინებაზე დაყრდნობით.

„უკრაინულმა მხარემ გვაცნობა, რომ ძაბვის ვარდნის გამო ფენიაშლიტკის (უნგრეთი – რედ.) მიმართულებით ამოტუმბვა შეაჩერეს“, — განაცხადა „ტრანსნეფტის“ პრეზიდენტის მრჩეველმა იგორ დემინმა.

„ინდექსის“ თანახმად კი, „დრუჟბას“ გავლით ამოტუმბვა შეწყდა უკრაინაზე რუსული სარაკეტო თავდასხმების შემდეგ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტის დაზიანების გამო.

უკრაინული მედიის ცნობით, რუსული რაკეტა მოხვდა ბელარუსი-უკრაინის საზღვარზე მდებარე  ელექტრომომარაგების სისტემის სატრანსფორმატორო ქვესადგურს, რომელიც ნავთობსადენის შეუფერხებელ მუშაობას უზრუნველყოფს.

უნგრეთის სახელმწიფო ენერგეტიკულმა კომპანია MOL-მა დაადასტურა „დრუჟბას“ გავლით ნავთობის ამოტუმბვის შეწყვეტა.

„თავდასხმის შედეგად დროებით შეჩერებულია „დრუჟბას“ მილსადენით ნავთობის მიწოდება უნგრეთში, ჩეხეთსა და სლოვაკეთში“, — აცხადებენ კომპანიაში.

„დრუჟბა” არის მსოფლიოში უდიდესი ნავთობსადენი და მთავარი მარშრუტი, რომლითაც ნედლი ნავთობი შედის გერმანიაში. მისი საერთო სიგრძე დაახლოებით 5200 კმ-ია. ნავთობსადენის მარშრუტი გადის რუსეთიდან ბელარუსამდე, სადაც განშტოებულია ორ ხაზად: ჩრდილოეთით (ბელარუსი, პოლონეთი და გერმანია) და სამხრეთით (უკრაინა, ჩეხეთი, სლოვაკეთი და უნგრეთი).

მანამმდე, 11 ოქტომბერს, პოლონეთმა აღმოაჩინა გაჟონვა „დრუჟბას“ ნავთობსადენის ერთ-ერთ ხაზზე. 15 ოქტომბერს პოლონურმა მილსადენის ოპერატორმა PERN-მა განაცხადა დაზიანებული „დრუჟბას“ მილსადენით ნედლი ნავთობის ტრანსპორტირების განახლების შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი