ახალი ამბები

ვარჰეის განცხადებები დამაბნეველი და იმედის გამაცრუებელია – გვარამია ევროკომისარზე

15 ნოემბერი, 2022 • 900
ვარჰეის განცხადებები დამაბნეველი და იმედის გამაცრუებელია – გვარამია ევროკომისარზე

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის განცხადებები საქართველოში დემოკრატიული პროცესების პოზიტიური განვითარების შესახებ დამაბნეველი და იმედის გამაცრუებელია.

გვარამიას განცხადება მისი ფეისბუქის გვერდზე ვრცელდება.

მისი თქმით, საქართველოში ვიზიტისას ვარჰეის მიერ გახმიანებული გზავნილები სამთავრობო პროპაგანდის მიერ იქნება  გამოყენებული.

„ქართული ოცნების“ უმძიმესი ავტოკრატიული მმართველობა ევროკავშირის სახელითვე გამოცხადდება ევროკავშირისთვის მისაღებ მმართველობად და უარესი – მთავარი გზავნილი იქნება, რომ მნიშვნელოვანი არ არის არც ევროპარლამენტის, არც სხვა ევროსტრუქტურების თუ საერთაშორისო აქტორების განცხადებები და პოზიცია, რადგან ოლიგარქი ივანიშვილი ბოლოს მაინც ყველაფერს დაალაგებს.

ასევე არ იწვევს ეჭვს – ივანიშვილის უძლეველობის მითის განსამტკიცებლად მძიმედ იქნება ექსპლუატირებული ის გარემოებაც, რომ კომისარი ვარჰეი EPP-დან გარიცხული უნგრეთის პრეზიდენტის, ვიქტორ ორბანის გუნდის წევრია და პრემიერი ღარიბაშვილი რამდენიმე დღის წინ სწორედ ორბანს შეხვდა და ორბანმა მას (ანუ ივანიშვილს და არა საქართველოს) მხარდაჭერა აღუთქვა.

სამწუხაროდ, გარდაუვალია ამ არაჯანსაღი სამთავრობო პროპაგანდისტული გზავნილების მასიური ცირკულაცია იმ მიზნით, რომ მძიმედ დაზიანდეს როგორც ქართული პროდასავლური საზოგადოება, ასევე საკუთრივ ევროპული ინსტიტუტების ავტორიტეტიც“, – აცხადებს გვარამია.


დღეს, 15 ნოემბერს საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეი.

როგორც ვარჰეიმ განაცხადა, ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს ხედავს, თუმცა ქვეყანას ბევრი მუშაობა მოუწევს, რათა ევროკავშირის კანდიდატობისთვის მზაობა აჩვენოს.

„ვხედავ განვითარებას, ეკონომიკა ყვავის, ქალაქში გავიარე და ყველასთვის თვალსაჩინოა, რომ ეკონომიკის განვითარება ბოლო წლის განმავლობაში სახეზეა. პროგრესი შეიმჩნევა ეკონომიკაში“, — განაცხადა ვარჰეიმ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ეკონომიკა ყვავის, ვხედავთ 12 პუნქტისკენ გადადგმულ ნაბიჯებს — ვარჰეი

მასალების გადაბეჭდვის წესი