ახალი ამბები

ეკონომიკა ყვავის, ვხედავთ 12 პუნქტისკენ გადადგმულ ნაბიჯებს — ვარჰეი

15 ნოემბერი, 2022 • 872
ეკონომიკა ყვავის, ვხედავთ 12 პუნქტისკენ გადადგმულ ნაბიჯებს — ვარჰეი

საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეი აცხადებს, რომ ხედავს ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს, თუმცა ქვეყანას ბევრი მუშაობა მოუწევს, რათა ევროკავშირის კანდიდატობისთვის მზაობა აჩვენოს.

„ვხედავ განვითარებას, ეკონომიკა ყვავის, ქალაქში გავიარე და ყველასთვის თვალსაჩინოა, რომ ეკონომიკის განვითარება ბოლო წლის განმავლობაში სახეზეა. პროგრესი შეიმჩნევა ეკონომიკაში“, — განაცხადა ვარჰეიმ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ვარჰეიმ განაცხადა, რომ პირველად ჩამოვიდა საქართველოში არა მარტო სამეზობლო პოლიტიკის, არამედ გაფართოების საკითხებში ევროკომისრის მანდატით. მისი თქმით, საქართველომ ცხადად განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება სურს, ევროკავშირმა ეს შეისმინა და მზადაა, ამ მიმართულებით იმუშაოს.

„ამ სირთულეების პერიოდში, რომელიც ორივეს გვიდგას წინ და ამ ახალი გეოპოლიტიკური წნეხის ვითარებაში, საქართველომ ძალიან მკაფიოდ დაგვანახა, რომ მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანება არის საქართველოს ძლიერი და მყარი მიზანი და ამისთვის საჭიროა გრძელვადიანი სტაბილურობა და მშვიდობა. ჩვენ შევისმინეთ ეს გზავნილი და ჩამოვედი არა მხოლოდ იმის სათქმელად, რომ გავიგეთ ეს გზავნილი, არამედ იმისთვის, რომ მოგახსენოთ, რომ მზად ვართ, შევასრულოთ ეს თხოვნა“, — განაცხადა ვარჰეიმ.

მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას და ეს არის ძალიან ძლიერი მანდატი არა მხოლოდ მთავრობისთვის, არამედ მთელი პოლიტიკური ელიტისთვის.

„ამიტომ დღეს აქ ჩამოვედით ძალიან მკაფიო მიზნით — გვინდა დაგეხმაროთ საქართველოს მოსამზადებლად, ევროკავშირში გაწევრიანდეს და ამ მიმართულებით გვინდა, ერთად ვიაროთ წინ. მომდევნო კვირების და თვეების განმავლობაში საქართველოს მოუწევს დიდი მუშაობა იმისთვის, რომ აჩვენოს, რომ მზადაა გახდეს კანდიდატი ქვეყანა. თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში ახდება, თუ ყველა ყველა ქართველი ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ იმუშავებს ამ მიზნისკენ. დარწმუნებული ვარ, რომ ისტორია არასდროს იძლევა იგივე შანსს ორჯერ. ამიტომ უნდა ვტაცოთ ხელი ამ შესაძლებლობას და გავხადოთ რეალობად“, — განაცხადა ვარჰეიმ და დასძინა, რომ ამისთვის საჭიროა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულება.

„მახარებს, რომ ვხედავ აქეთკენ გადადგმულ ნაბიჯებს. ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, შემოთავაზებები კეთდება და მზადდება პარლამენტში და საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ამ პრიორიტეტების შესრულებისთვის. უკვე ვხედავთ პოზიტიურ ძვრებს სასამართლო რეფორმის მიმართულებით, წინსვლას კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით… საქართველოს პოზიტიური პრაქტიკა გააჩნია ამ მიმართულებით და არის მოწინავე ქვეყანა საერთაშორისო გამჭვირვალობის ინფორმაციით და სხვა ევროპულ ქვეყნებთან მიმართებით წინ არის. თუმცა მოგვიწევს ბევრი მუშაობა, რომ ანტიკორუფციული სააგენტო იყოს რეალურად დამოუკიდებელი, გვჭირდება კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ. მესმის, რომ დაიწყო ამ მიმართულებით მუშაობაც და გვჭირდება ნაბიჯები, რომ გააქტიურდეს ბრძოლა ორგანიზებულ დანაშაულთან და ა.შ.“, — განაცხადა ვარჰეიმ.

მისი თქმით, რაც უფრო სწრაფად შეასრულებს საქართველო 12 რეკომენდაციას, მით უფრო სწრაფად წაიწევს ევროპისკენ გზაზე.

„რაც უფრო სწრაფად შეასრულებს საქართველო ამ დათქმებს, მით უფრო სწრაფად მიიღებენ საქართველოს მოქალაქეები სარგებელს, რომელიც მოდის თქვენკენ კანდიდატის სტატუსის მონიჭებით. არ გვაქვს დასაკარგი დრო“, — განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

მისი თქმით, საქართველოს ერთგულება ევროინტეგრაციის მიერ რამდენიმე ათწლეულს ითვლის.

ჩვენ გვჭირდება ეროვნული კონსენსუსი თორმეტივე პრიორიტეტზე, ეს ყოველთვის ასე იყო, ნებისმიერი კანდიდატის შემთხვევაში, არა აქვს მნიშვნელობა პოლიტიკურ ბრძოლასა და კონიუნქტურას. ეს არის მიზანი, რომელიც უფრო დიდია, ვიდრე ნებისმიერი თაობა-ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ოლივერ ვარჰეის თქმით, საჭიროა ეროვნული კონსენსუსი ევროკომისიის 12-ივე პრიორიტეტზე.

„მაგალითად, ჩემი ქვეყანა რომ ავიღოთ, უნგრეთში ეს იყო ჩვენი ეროვნული კონსესუსის შემადგენელი. არა აქვს მნიშვნელობა პოლიტიკურ ბრძოლასა და კონიუნქტურას. ეს არის მიზანი, რომელიც უფრო დიდია, ვიდრე ნებისმიერი თაობა. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ მე მექნება კარგი ამბები საქართველოდან ბრიუსელში წასაღებად, იმიტომ, რომ პარლამენტი არის მნიშვნელოვანი ასპექტი ამ თანხმობაში. ეს არის მნიშვნელოვანი, დიდი რეფორმები, რომელიც ხორციელდება ქვეყანაში და ბევრი საკითხი შედის პარლამენტის კომპეტენციაში და მანდატში. ამიტომ, მოგვიწევს მუშაობა ერთად და იმედი მაქვს, რომ ეროვნული კონსენსუსი შედგება იმ ყოველდღიური რუტინული საკითხების მიღმა. იმედი მაქვს, რომ ყველა პოლიტიკური პარტია და პოლიტიკური ელიტის წევრი დაინახავს, რომ ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, უნიკალური შეთავაზება საქართველოსთვის. ძალიან სამწუხარო იქნება, თუ ვერ გამოიყენებთ ამ შანსს“,- განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

ევროკომისრის განცხადების სინქრონულ თარგმანს საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი