ახალი ამბები

სამუშაო ჯგუფი დღეს იკრიბება, იმსჯელებს შიდა არჩევნების წესზე – ბოტკოველი

13 ნოემბერი, 2022 • 560
სამუშაო ჯგუფი დღეს იკრიბება, იმსჯელებს შიდა არჩევნების წესზე – ბოტკოველი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბოტკოველი, – პარტიაში არჩევნების ჩატარების ერთ-ერთი მომხრე, – აცხადებს, რომ პარტიის ლიდერებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფი დღეს შეიკრიბება და პარტიის თავმჯდომარის არჩევნის წესზე იმსჯელებს.

მისი თქმითვე, სამუშაო ჯგუფის შემუშავებული წესი, – ან მისი რამდენიმე ვარიანტი, – წარედგინება პოლიტიკურ საბჭოს, რომელმაც ეს წესი უნდა დაამტკიცოს.

ბოტკოველის თქმით, არჩევნები უნდა იყოს „ფართომასშტაბიანი“ და ელექტრონულად უნდა ჩატარდეს.

„არჩევნები ჩატარდება სოციალური ქსელის დახმარებით თუ ნებისმიერი სხვა მოდელით, უშუალოდ ამაზე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში შევთანხმდებით“, – განაცხადა მან.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ თავმჯდომარის არჩევნებთან დაკავშირებით შვიდკაციანი სამუშაო ჯგუფი 12 ნოემბერს შეიქმნა.

სამუშაო ჯგუფის წევრები, გიორგი ბარამიძის თქმით, იქნებიან:

  • გიორგი ბარამიძე
  • ნინო კვიტაიშვილი
  • თორნიკე ბიკაშვილი
  • გიორგი ბოტკოველი
  • ლევან ბეჟაშვილი
  • ივანე პეტრიაშვილი
  • ბაჩო დოლიძე

9 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, რომელიც შეეხება თავმჯდომარეს, პოლიტიკურ საბჭოსა და პოლიტიკურ სამდივნოს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, რომ მათი აზრით, თანაპარტიელთა ნაწილის მიერ პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარების საჯაროდ მოთხოვნა არასწორი იყო.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიამ შიდაპარტიული არჩევნების ჩატარებისა და მასში მონაწილეობის მზადყოფნა გამოთქვა.

პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განცხადება გააკეთეს გიორგი ჩალაძემ და გიორგი მუმლაძემაც. გამორიცხული არ არის, კენჭი ლევან ხაბეიშვილმაც იყაროს.

მასალების გადაბეჭდვის წესი