ახალი ამბები

ზელენსკის თქმით, უკრაინამ ხერსონში 60 დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა

12 ნოემბერი, 2022 • 1221
ზელენსკის თქმით, უკრაინამ ხერსონში 60 დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ხერსონის ოლქში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 60 დასახლებულ პუნქტზე დაამყარეს კონტროლი. მისი თქმით, აღნიშნულ პუნქტებში პოლიციამ სტაბილიზაციის ღონისძიებები დაიწყო. ამის შესახებ მან დღეს, 12 ნოემბერს ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

ზელენსკის ინფორმაციით, გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ამ დროისთვის ამოღებულია თითქმის 2 000 ასაფეთქებელი ნივთიერება, მათ შორის ნაღმები და აუფეთქებელი საბრძოლო მასალა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ხერსონის დატოვებამდე რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს ყველა კრიტიკული ინფრასტრუქტურა – კომუნიკაციები, წყალი და ელექტროენერგია:

“რაშისტებს ყველგან ერთი და იგივე მიზანი აქვთ – ხალხის მაქსიმალური დაცინვა. თუმცა ჩვენ ყველაფერს აღვადგენთ. ამისთვის დაგვჭირდება დრო, მაგრამ უკვე ყველასთვის გასაგებია, რომ შედეგი იქნება ჩვენი, უკრაინული”, – განაცხადა მან.

პრეზიდენტის თანახმად, ხერსონში ათობით გამნაღმველი, პოლიციის თანამშრომელი და თავდაცვის ძალების სხვადასხვა დანაყოფი მუშაობს.

რუსეთმა 9 ნოემბერს განაცხადა ხერსონიდან უკან დახევის შესახებ. 11 ნოემბერს კი ცნობილი გახდა, რომ უკრაინელი სამხედროები რუსული ანექსიისგან გათავისუფლებულ ხერსონში იმყოფებიან. 8-თვიანი ოკუპაციის შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობა უკრაინის ჯარს ოვაციებით დახვდა.

რუსეთის ჯარებმა ხერსონი უკრაინაში შეჭრის პირველ დღეებში დაიპყრეს. ხერსონის ოლქი ერთ-ერთია იმ ოთხს შორის, რომელიც რუსეთის ფედერაციამ უკანონო რეფერენდუმების შედეგად წელს მიიერთა. მანამდე რუსეთმა ყირიმისა და სევასტოპოლის ანექსია განახორციელა. უკრაინამ ხერსონის ოლქში კონტრშეტევა შემოდგომის დასაწყისიდან წამოიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი