ახალი ამბებიეკონომიკა

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მეშვეობით 1.5 მლნ ტონა ნავთობის გადაზიდვის შესახებ შეთანხმება გვაქვს – ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი

12 ნოემბერი, 2022 • 2098
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მეშვეობით 1.5 მლნ ტონა ნავთობის გადაზიდვის შესახებ შეთანხმება გვაქვს – ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი

ყაზახეთის პრემიერ-მინისტრ ალიხან სმაილოვის განცხადებით, 2023 წლის იანვრიდან ყაზახეთი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით 1,5 მილიონი ტონა ნავთობის ექსპორტს დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახური მედია ავრცელებს. ინფორმაცია ასევე ვრცელდება ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის საიტზეც.

“გვაქვს შეთანხმება მომავალი წლის პირველი იანვრიდან 1.5 მილიონი ტონა ნავთობის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მეშვეობით გადაზიდვის შესახებ. ასევე მუშავდება მისი შემდგომი ზრდის საკითხი 6-6,5 მლნ ტონამდე. რკინიგზის შესაძლებლობების თვალსაზრისით, TCO-მ [Tengizchevroil – ენერგიის წამყვანი მწარმოებელი ყაზახეთში] ახლა შეიძინა და გააორმაგა ტანკ-ვაგონების რაოდენობა, ხოლო საპილოტე გადაზიდვები სარკინიგზო ტრანსპორტით უკვე დაიწყო ბათუმისა და უზბეკეთის მიმართულებით”, – განაცხადა მან.

ამავდროულად, სმაილოვმა ხაზი გაუსვა, რომ ამჟამად მთავრობა ქმნის საგზაო რუკას, რათა ნავთობის ექსპორტი საქართველოს, აზერბაიჯანის, უზბეკეთის, ჩინეთისა და სხვა ქვეყნების გავლით გახდეს უფრო დივერსიფიცირებული.

“ყველა ამ მიმართულებით, ნავთობის ექსპორტის პოტენციალის გაფართოებასა და გაზრდის მიზნით ახლა მიმდინარეობს მუშაობა. მეზობელ ქვეყნებში კოლეგების მხრიდან ამ საკითხზე სრული მხარდაჭერა არსებობს. ისინი მზად არიან, რომ შემოგვთავაზონ თავიანთი ტრანზიტული შესაძლებლობები და ითანამშრომლონ ყაზახეთთან ამ საკითხებზე”, – განაცხადა მან.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ყაზახეთი ნავთობის ტრანსპორტირებისათვის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი გამოყენებას განიხილავდა მიმდინარე წლის აგვისტოში ახალი ამბების სააგენტო Reuters-მა წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა. გამოცემის თანახმად, ყაზახეთს ამ ალტერნატივაზე ფიქრი მას შემდეგ დასჭირდა, რაც საფრთხე შეექმნა რუსეთის ფედერაციის ქმედებების შედეგად მოქმედი მარშრუტის ფუნქციონირებას.

ყაზახეთის ნავთობის ექსპორტი მსოფლიო მომარაგების 1%-ია – ყოველდღიურად 1.4 მილიონი ბარელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი