ახალი ამბები

ქართველი ხალხი თქვენთან ერთად ხარობს – ზურაბიშვილი უკრაინის მიერ ხერსონის დაბრუნებაზე

12 ნოემბერი, 2022 •
ქართველი ხალხი თქვენთან ერთად ხარობს – ზურაბიშვილი უკრაინის მიერ ხერსონის დაბრუნებაზე

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ხერსონში უკრაინის შეიარაღებული ძალების შესვლას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს ქვეყნისთვის სუვერენიტეტისა და მთლიანობის აღდგენისკენ გადადგმული მთავარი ნაბიჯია. ამის შესახებ პრეზიდენტმა 11 ნოემბერს ტვიტერზე გააკეთა განაცხადა.

“მივესალმები უკრაინის მიერ ხერსონის დაბრუნებას. ეს არის უკრაინის ერთიანობისა და გამძლეობის შედეგი. მთავარი ნაბიჯი მისი სუვერენიტეტისა და მთლიანობის აღდგენისკენ. ქართველი ხალხი თქვენთან ერთად ხარობს”, – წერს პრეზიდენტი.

რუსეთის ჯარებმა ხერსონი უკრაინაში შეჭრის პირველ დღეებში დაიპყრეს. ხერსონის ოლქი ერთ-ერთია იმ ოთხს შორის, რომელიც რუსეთის ფედერაციამ უკანონო რეფერენდუმების შედეგად წელს მიიერთა. მანამდე რუსეთმა ყირიმისა და სევასტოპოლის ანექსია განახორციელა. უკრაინამ ხერსონის ოლქში კონტრშეტევა შემოდგომის დასაწყისიდან წამოიწყო.

რუსეთმა 9 ნოემბერს განაცხადა ხერსონიდან უკან დახევის შესახებ. 11 ნოემბერს კი ცნობილი გახდა, რომ უკრაინელი სამხედროები რუსული ანექსიისგან გათავისუფლებულ ხერსონში იმყოფებიან. 8-თვიანი ოკუპაციის შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობა უკრაინის ჯარს ოვაციებით დახვდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი