ახალი ამბები

საქართველო და ჯავახეთის დიასპორა რუსეთში

17 მაისი, 2010 • 1343
საქართველო და ჯავახეთის დიასპორა რუსეთში

ჯავახეთის დიასპორამ რუსეთში  საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის მიმართ შემუშავებული სტრატეგია,   სამცხე –ჯავახეთისა და წალკის, სომხებით დასახლებული ტერიტორიაზე განახორციელოს.

ჯავახეთის დიასპორის მოწოდებაში  ნათქვამია, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში საქართველოს ერთიანი სტრატეგია  „თანამშრომლობა მონაწილეობის გზით“,  რომელიც საქართველოს   ხელისუფლებამ საერთაშორისო ინსტიტუტებსა და ევროპის საბჭოს გააცნო, აფხაზებმა და ოსებმა არ მოიწონეს.  სამცხე ჯავახეთის დიასპორა რუსეთში კი, მოუწოდებს საქართველოს ხელისფლებას, რომ იგივე სტრატეგია სამცხე ჯავახეთისა და წალკის რაიონში მცხოვრები სომხური მოსახლეობის მიმართ გამოიყენოს.

 მოწოდების მიხედვით,  „ჯავახეთის დიასპორა რუსეთში“ დარწმუნებულია, რომ ამ სტრატეგიის კონკრეტული გეგმების დანერგვა სამცხე ჯავახეთის რეგიონში, საერთაშორსიო ინსტიტუტებს მის ეფექტურობას ან არაეფექტურობას დაანახებს.

 პაატა ზაქარეიშვილი, ექსპერტი კონფლიქტების საკითხებში, ნეტგაზეთთან საუბარში აცხადებს, რომ  საქართველოს ხელისუფლების მიერ შემუშავებული სტრატეგია „თანამშრომლობა მონაწილეობის გზით“, შემუშავებულია კონკრეტულად აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ და სტრატეგიის კონკრეტული პუნქტები: ჯანდაცვის, განათლების, ვაჭრობის და სხვა საკითხებთან დაკავშირებული სტრატეგიის გამოყენება სამცხე –ჯავახეთის მიმართ შეუძლებელია, რადგან ამ სფეროებში პრობლემები ჯავახეთთან არ არსებობს. „ ცხადია, ამ რეგიონში პრობლემები არის, თუმცა ყველაფერი, რაც სტრატეგიაშია ნათქვამი, ჯავახეთთან ისედაც გვაქვს. ამიტომ, მათ უნდა კონკრეტულად თქვან, რა უნდათ“, – ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

საქართველოში მცხოვრებ უმცირესობებზე და კონკრეტულად სამცხე– ჯავახეთის  რეგიონზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმაც ისაუბრა.  ლავროვი იმედოვნებს, რომ ევროსაბჭო  ყურადღებას მიაქცევს საქართველოში მცხოვრები  ეროვნული უმცირესობებს, რომელთა პრობლემები ქვეყანაში მწვავედ დგას.

 

ლავროვის თქმით, საქართველოს პრეზიდენტს იმპერიალისტური დამოკიდებულება აქვს საქართველოში მცხოვრები მცირე ერების მიმართ, რაც მინისტრის  აზრით, 2008 წლის აგვისტოშიც გამოჩნდა.

რუსულენოვენი მედიის საშუალებით გავრცელებული ინფორმაციით კი, რუსეთის ჯავახეთის დიასპორა მადლობას უხდის რუსეთის საგარეო უწყებას იმის გამო, რომ მან საქართველოში მცხოვრები უმცირესობების თემაზე ისაუბრა. 

 

„ საქართველოში უმცირესობების პრობლემა საქართველოს სახელმწიფოს პრობლემაა და არა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის“, -ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

 

სამხცე–ჯავახეთის პრობლმებზე საქართველოს კონსერვატული პარტიაც წერს და რუსეთში ჯავახეთის დიასპორის  მოწოდებას აქვეყნებს, სადაც ჯავახეთის მოსახლეობას ადგილობრივ არჩევნებში აქტიურ მონაწილეობას და  „ეროვნულ საბჭოს“ მხარდაჭერას მოუწოდებენ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი