ახალი ამბები

ირანი: სიკდილით დასჯა ემუქრება რეპერს, რომელიც პროტესტს მხარს უჭერდა

11 ნოემბერი, 2022 • 780
ირანი: სიკდილით დასჯა ემუქრება რეპერს, რომელიც პროტესტს მხარს უჭერდა

ახალგაზრდა ქურთ რეპერს, სამან იასინს, რომელიც ირანის უსაფრთხოების ძალებმა რამდენიმე კვირის წინ ძალადობრივად დააკავეს, სიკვდილით დასჯა ემუქრება. აღნიშნულის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian წერს.

იასინს “ღმერთის მტრობას” ედავებიან მას შემდეგ, რაც ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებს სოციალური მედიის მეშვეობით მხარი დაუჭირა.

როგორც გამოცემა წერს, მისი ბედი, რომელსაც მომდევნო დღეებში გადაწყვეტს ირანის სასამართლო, შესაძლოა, გაიზიაროს საპროტესტო აქციებზე დაკავებულმა სხვა ათასობით ახალგაზრდა დემონსტრანტმა.

უფლებადამცველი ორგანიზაციები შიშობენ, რომ შესაძლოა, რეჟიმმა სისხლიანი შურისძიება გააჩაღოს მათ წინააღმდეგ და ამ გზით შეეცადოს მწვავე ანტისამთავრობო პროტესტის ჩახშობას, რომელიც მეშვიდე კვირაა, არ წყდება.

პროტესტი ირანში ე.წ. მორალის პოლიციის მიერ ჰიჯაბთან და სხვა სამოსთან დაკავშირებული კანონის დარღვევის ბრალდებით დაკავებული მაჰსა ამინის დაღუპვის შემდეგ დაიწყო.

უფლებადამცველთა ცნობით, 22 წლის ქურთი ქალი პოლიციაში ცემის შედეგად გარდაიცვალა, ირანის ხელისუფლება კი მომხდარის მიზეზად ჯანმრთელობის გაუარესებას ასახელებს.

ისლამური რესპუბლიკის საწინააღმდეგო დემონსტრაციები, რომლებიც ირანის საზოგადოების მრავალი სეგმენტის, მათ შორის, სტუდენტებისა და მოსწავლეების ჩართულობით ხასიათდება, ათეულობით ქალაქსა და დასახლებაში გაიშალა.

ქურთული უფლებადამცველი ჯგუფის, Hengaw-ის ცნობით, თეირანში მცხოვრები 27 წლის იასინი 2 ოქტომბერს დააკავეს, სასამართლო პროცესი კი 29 ოქტომბერს გაიმართა.

რეპერი ღიად აკრიტიკებს ირანის მმართველ რეჟიმს. მას არაერთი საპროტესტო სიმღერა აქვს დაწერილი ქურთულად, მიმდინარე აქციებს კი სოციალური მედიის მეშვეობით უჭერდა მხარს.

“არსებული ინფორმაციით, სამან იასინი პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მძიმე ფსიქიკურ და ფიზიკურ წამებას განიცდიდა”, — წერს Hengaw.

გაეროს წარმომადგენლის თანახმად, პროტესტის მიმდინარეობისას, ზოგიერთი გამოთვლებით, 14 000 ადამიანი დააკავეს. მათ შორის არიან უფლებადამცველები, სტუდენტები, ადვოკატები, ჟურნალისტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

ირანის ხელისუფლებამ ოქტომბრის ბოლოს განაცხადა, რომ გეგმავს, თეირანში დაკავებული 1 000-ზე მეტი პირს საჯარო სასამართლო პროცესები მოუწყოს.

ამასთან, 6 ნოემბერს 227-მა ირანელმა კანონმდებელმა სასამართლოს მოუწოდა, “მტკიცედ მოეპყროს ამ დანაშაულთა ჩამდენებს და ყველას, ვინც ხელი შეუწყო დანაშაულს და არეულობის პროვოცირება მოახდინა”. უფლებადამცველები შიშობენ, რომ დეპუტატების ეს მოწოდება სიკვდილით დასჯისა და სამუდამო პატიმრობის განაჩენთა ტალღის წინაპირობა გახდება.

მიმდინარე პერიოდში ირანის უსაფრთხოების ძალების მიერ დაკავებულ ათასობით ადამიანს შორის, სანამ იასნის გარდა, კიდევ არაერთი ხელოვანია.

ოჯახის წევრთა თანახმად, კიდევ ერთი რეპერი, 32  თუმაჯ სალეჰი, რომელიც სექტემბრიდან პატიმრობაში იმყოფება, რეჟიმის მხრიდან “მძიმე წამების” მსხვერპლია პროტესტის მხარდამჭერი სიმღერების ჩაწერისა და ფოტოების გამო, რომლებშიც ჩანს, როგორ სკანდირებს სლოგანებს ქალაქ ისპაჰანში.

სალეჰის მხარდამჭერი პეტიციის ავტორები მოუწოდებენ საერთაშორისო საზოგადოებას, პასუხისმგებლობა დააკისრონ ირანის ხელისუფლებას “კაცობრიობის წინააღმდეგ მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის”.

სოციალურ ქსელში მიმდინარეობს როგორც სამან იასინის, ისე თუმაჯ სალეჰის მხარდამჭერი კამპანია.

ირანში მიმდინარე ანტისამთავრობო პროტესტი საერთაშორისო მედიაში ფასდება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევა ისლამური რესპუბლიკისთვის, მისი არსებობის ისტორიაში.

აქციების მონაწილეები აქტიურ წინააღმდეგობას უწევენ პოლიციას. პროტესტის მონაწილე მრავალი ქალი საჯაროდ იხდის და წვავს თავსაბურავს, რომლის ტარებაც ისლამური რესპუბლიკის დამყარების შემდეგ, 1979 წლიდან სავალდებულოა.

აქციებზე მრავალგზის ისმის ისლამური რესპუბლიკის სულიერი ლიდერის, ალი ხამენეის საწინააღმდეგო სლოგანები “სიკვდილი დიქტატორს” და “სიკვდილი ხამენეის”, ისევე როგორც სხვა მრავალი შეძახილი, მათ შორის, “ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება”.

მოკლული დემონსტრანტების დაღუპვიდან მე-40 დღეს გამართულ ცერემონიებს, რომლებიც ირანელთათვის კულტურულად მნიშვნელოვანია, მრავალი მოქალაქე უერთდება. აღნიშნულს თან სდევს ანტისამთავრობო შეძახილები და შეტაკებები მომიტინგეებსა და პოლიციას შორის.

ორგანიზაციის “Iran Human Rights” თანახმად, პროტესტისას მოკლულთა რიცხვმა 304-ს მიაღწია. მათ შორისაა 41 ბავშვი და 24 ქალი.

ირანის ხელისუფლება, როგორც წესი, უარყოფს მკვლელობებთან კავშირს და ამაში უცხო ქვეყნების მხარდაჭერილ “მეამბოხეებს” ადანაშაულებს.

სპარსულენოვანი და სხვა მედიასაშუალებები არაერთგზის წერენ მოკლული დემონსტრანტების ოჯახების დაშინებასა და შანტაჟზე ხელისუფლების მხრიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი