ირანის სახელმწიფო მედიის თანახმად, სასამართლომ სიკვდილით დასჯის პირველი განაჩენი გამოიტანა მოქალაქის მიმართ, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე ანტისამთავრობო პროტესტის გამო დააკავეს.
როგორც BBC წერს, თეირანის სასამართლომ თქვა, რომ ბრალდებულმა, რომლის ვინაობაც არ კონკრეტდება, ცეცხლი წაუკიდა სამთავრობო ობიექტს და დამნაშავეა “ღმერთის მტრობაში”.
კიდევ ერთმა სასამართლომ 5-დან 10 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა 5 პირს, რომლებიც ეროვნულ უსაფრთხოებასთან და საზოგადოებრივ წესრიგთან დაკავშირებული მუხლებით გაასამართლეს.
ნორვეგიაში მოქმედი უფლებადამცველი ორგანიზაცია Iran Human Rights აღნიშნავს, რომ შესაძლოა, ირანის ხელისუფლება ემზადებოდეს დემონსტრანტების სიკვდილით დასჯისთვის “ნაჩქარევად”, “ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე”.
“ოფიციალური ინფორმაციით, სულ მცირე 20 დემონსტრანტს ემუქრება ამჟამად სიკვდილით დასჯა”, — აცხადებს Iran Human Rights.
მისი დირექტორი მაჰმუდ ამირი მოგადამი მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, “მკვეთრად გააფრთხილოს” ისლამური რესპუბლიკის ხელმძღვანელობა იმ შედეგებზე, რომელიც დემონსტრანტთა სიკვდილით დასჯას მოჰყვება.
პროტესტი ირანში ე.წ. მორალის პოლიციის მიერ ჰიჯაბთან და სხვა სამოსთან დაკავშირებული კანონის დარღვევის ბრალდებით დაკავებული მაჰსა ამინის დაღუპვის შემდეგ დაიწყო.
უფლებადამცველთა ცნობით, 22 წლის ქურთი ქალი პოლიციაში ცემის შედეგად გარდაიცვალა, ირანის ხელისუფლება კი მომხდარის მიზეზად ჯანმრთელობის გაუარესებას ასახელებს.
ისლამური რესპუბლიკის საწინააღმდეგო დემონსტრაციები, რომლებიც ირანის საზოგადოების მრავალი სეგმენტის, მათ შორის, სტუდენტებისა და მოსწავლეების ჩართულობით ხასიათდება, ათეულობით ქალაქსა და დასახლებაში გაიშალა.
მიმდინარე პროტესტი საერთაშორისო მედიაში ფასდება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევა ისლამური რესპუბლიკისთვის, მისი არსებობის ისტორიაში.
Iran Human Rights-ის თანახმად, უსაფრთხოების ძალების მიერ პროტესტის ჩახშობის მცდელობისას მოკლეს 326 დემონსტრანტი, მათ შორის, 43 ბავშვი და 25 ქალი. კიდევ ერთი ორგანიზაციის, The Human Rights Activists News Agency-ის მიხედვით, დაღუპულია 339 ადამიანი, მათ შორის, სახელისუფლებო ძალების 39 წარმომადგენელი.
აქციების მონაწილეები აქტიურ წინააღმდეგობას უწევენ პოლიციას. პროტესტის მონაწილე მრავალი ქალი საჯაროდ იხდის და წვავს თავსაბურავს, რომლის ტარებაც ისლამური რესპუბლიკის დამყარების(1979 წ.) შემდეგ სავალდებულოა.
აქციებზე მრავალგზის ისმის ისლამური რესპუბლიკის სულიერი ლიდერის, ალი ხამენეის საწინააღმდეგო სლოგანები “სიკვდილი დიქტატორს” და “სიკვდილი ხამენეის”, ისევე როგორც სხვა მრავალი შეძახილი, მათ შორის, “ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება”.
ირანის ხელისუფლება დემონსტრანტებს უწოდებს “მეამბოხეებს”, რომლებიც ირანის გარე მტრებისგან იმართებიან.
BBC-ის თანახმად, ირანის სასამართლოს ხელმძღვანელმა, ღოლამჰოსეინ მოჰსენი ეჯეიმ განაცხადა, რომ “მთავარი დამნაშავეები” უნდა გამოვლინდნენ რაც შეიძლება მალე და მიიღონ სასჯელი, რომელიც შემაკავებელ გავლენას მოახდენს სხვებზე.
მანამდე 227-მა ირანელმა პარლამენტარმა სასამართლოს მოუწოდა, “მტკიცედ მოეპყროს ამ დანაშაულთა ჩამდენებს და ყველას, ვინც ხელი შეუწყო დანაშაულს და არეულობის პროვოცირება მოახდინა”.
სპარსულენოვანი და სხვა მედიასაშუალებები არაერთგზის წერენ მოკლული დემონსტრანტების ოჯახების დაშინებასა და შანტაჟზე ხელისუფლების მხრიდან.
ამავე თემაზე:
ირანი: სიკდილით დასჯა ემუქრება რეპერს, რომელიც პროტესტს მხარს უჭერდა