ახალი ამბები

ხერსონში დაზიანებულია ხიდი, რომელიც აკავშირებდა რეგიონის მარჯვენა და მარცხენა მხარეს

11 ნოემბერი, 2022 • 1072
ხერსონში დაზიანებულია ხიდი, რომელიც აკავშირებდა რეგიონის მარჯვენა და მარცხენა მხარეს

ანტონოვსკის ხიდი, რომელიც ხერსონის რეგიონის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს აკავშირებს, სავარაუდოდ, ააფეთქეს. დანგრეული ხიდის ვიდეოს რუსული მედიის, “კომსომოლსკაია პრავდას” ჟურნალისტი ალექსანდრე კოცი ავრცელებს.

კოცის გავრცელებულ ვიდეოში ჩანს ხიდის დანგრეული ნაწილი. ის ვარაუდობს, რომ ხიდი რუსებმა სანაპიროს დატოვებისას დაანგრიეს.

UNIAN-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის არ არის დადასტურებული, რომ რუსეთის ჯარებმა მარცხენა სანაპიროზე გადასვლა მოახერხეს.

გამოცემის ინფორმაციით, ანტონოვსკის ხიდი ტექნიკისა და საბრძოლო მასალის გადასატანად მთავარი მარშრუტი იყო. ხოლო აქტიური შეტევითი ოპერაციებისას უკრაინის შეიარაღებული ძალები ხიდს უტევდნენ, რათა რუსეთის შეიარაღებული ძალების თავდაცვითი პოტენციალი დაეზიანებინათ.

რუსეთის სამხედრო ნაწილები ტოვებენ ხერსონის ოლქის ნაწილსა და უშუალოდ ქალაქ ხერსონის ტერიტორიას, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი უკან იხევენ და მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან სრულად გადადიან მარცხენა სანაპიროზე.

რუსეთის სამხედრო სარდლობამ ხერსონის ოლქის ნაწილის დატოვების გადაწყვეტილება 9 ნოემბერს მიიღო.

ხერსონის ოლქი ერთ-ერთია იმ ოთხს შორის, რომელიც რუსეთის ფედერაციამ უკანონო რეფერენდუმების შედეგად წელს მიიერთა. მანამდე რუსეთმა ყირიმისა და სევასტოპოლის ანექსია განახორციელა. უკრაინამ ხერსონის ოლქში კონტრშეტევა შემოდგომის დასაწყისიდან წამოიწყო.

გარდა ხერსონისა, უკრაინული ძალები პერიოდულად ათავისუფლებენ დასახლებებს ლუგანსკის ოლქში.

ამავე თემაზე გირჩევთ:

გარეკანის ფოტო: UNIAN

მასალების გადაბეჭდვის წესი