თბილისის სამხატვრო აკადემიის რექტორის არჩევნებში მხოლოდ ერთი კანდიდატი, ყარამან ქუთათელაძე მონაწილეობს. ინფორმაცია “ნეტგაზეთს” აკადემიის პრესსამსახურში დაუდასტურეს.
არჩევნებში მონაწილეობის მიღების მსურველებს განაცხადის შეტანის ვადა 6 ოქტომბრიდან 7 ნოემბრამდე ჰქონდათ, თუმცა, პრესსამსახურის თანახმად, ეს არავის გაუკეთებია ქუთათელაძის გარდა.
ყარამან ქუთათელაძე 20 წელზე მეტია ხელმძღვანელობს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გარიყულაში მოქმედ არტ-ვილა “გარიყულას”, რომელიც თანამედროვე ხელოვნების რეგიონულ ცენტრს წარმოადგენს.
ქუთათელაძის სტრატეგიული გეგმა, სხვა მიმართულებებთან ერთად, მოიცავს აკადემიის სასწავლო პროგრამების რეაკრედიტაციას, ახალ სასწავლო პროგრამებზე მუშაობასა და უცხოენოვანი პროგრამების აკრედიტაციას, ისევე როგორც პროფესიული პროგრამების დანერგვას, სახელოსნოების, სასწავლო და საგამოფენო სივრცეების მოწყობას.
სამხატვრო აკადემიის რექტორი 11 ადამიანისგან შემდგარმა აკადემიურმა საბჭომ, ფარული კენჭისყრით უნდა აირჩიოს. არჩევნები 18 ნოემბერს ჩატარდება.