ახალი ამბები

სამხატვრო აკადემიის რექტორი ერთადერთი კანდიდატი ყარამან ქუთათელაძე გახდა

18 ნოემბერი, 2022 •
სამხატვრო აკადემიის რექტორი ერთადერთი კანდიდატი ყარამან ქუთათელაძე გახდა

თბილისის სამხატვრო აკადემიის რექტორი ყარამან ქუთათელაძე გახდა. ინფორმაცია რექტორის შესახებ განახლდა აკადემიის ვებსაიტზე.

აკადემიის რექტორს ირჩევს 11 წევრისგან შემდგარი აკადემიური საბჭო, არჩევნები კი, წესით, 18 ნოემბერს უნდა ჩატარებულიყო. თუმცა უცნობია არჩევნების ჩატარებისა და ასევე, იმის შესახებ, თუ აკადემიური საბჭოს რამდენმა წევრმა დაუჭირა მხარი ქუთათელაძის რექტორობას. ამის შესახებ ინფორმაცია აკადემიას  არცერთი საკომუნიკაციო არხით არ გაუვრცელებია. ნეტგაზეთი შეეცადა ახალ რექტორთან დაკავშირებას, მაგრამ უშედეგოდ.

ყარამან ქუთათელაძე ერთადერთი იყო, რომელიც სამხატვრო აკადემიის რექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობდა. მსგავსი შემთხვევა იყო რამდენიმე კვირის წინაც, როცა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობა მხოლოდ ერთმა კანდიდატმა, ჯაბა სამუშიამ ისურვა და გახდა კიდეც.

ყარამან ქუთათელაძე 20 წელზე მეტია ხელმძღვანელობს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გარიყულაში მოქმედ არტ-ვილა “გარიყულას”, რომელიც თანამედროვე ხელოვნების რეგიონულ ცენტრს წარმოადგენს.

ქუთათელაძის სტრატეგიული გეგმა, სხვა მიმართულებებთან ერთად, მოიცავს აკადემიის სასწავლო პროგრამების რეაკრედიტაციას, ახალ სასწავლო პროგრამებზე მუშაობასა და უცხოენოვანი პროგრამების აკრედიტაციას, ისევე როგორც პროფესიული პროგრამების დანერგვას, სახელოსნოების, სასწავლო და საგამოფენო სივრცეების მოწყობას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი