ახალი ამბები

ბოტკოველის თქმით, მიუღებელია მოსაზრება, რომ წაგებულმა უნდა დატოვოს ენმ

10 ნოემბერი, 2022 • 543
ბოტკოველის თქმით, მიუღებელია მოსაზრება, რომ წაგებულმა უნდა დატოვოს ენმ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბოტკოველი, რომელმაც პარტიის წევრების ნაწილთან ერთად საჯაროდ მოითხოვა არჩევნები პარტიის თავმჯდომარის პოსტზე, ამბობს, რომ მისთვის მიუღებელია მოსაზრება, რომ არჩევნებში დამარცხებულმა პარტია უნდა დატოვოს.

10 ნოემბერს „ფორმულას“ ეთერში ჟურნალისტ ნინო ჟიჟილაშვილის კითხვაზე, მოუწევს თუ არა წასვლა თავმჯდომარეობისთვის ბრძოლაში დამარცხებულ ადამიანს, ბოტკოველმა უპასუხა:

„ნებისმიერ ადამიანს, ვინც გახდება პარტიის თავმჯდომარე, დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ადამიანის ნდობა ექნება და იმ ბრძოლასა და გეგმაში, რაც ექნება, ბევრი წაჰყვება. და სწორედ ეს სჭირდება დღეს „ნაციონალურ მოძრაობას“. ის, რომ ვინმე გახდება თავმჯდომარე და ვინც წააგებს, იმან უნდა დატოვოს „ნაციონალური მოძრაობა“, მიუღებელია“.

9 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, რომელიც შეეხება თავმჯდომარეს, პოლიტიკურ საბჭოსა და პოლიტიკურ სამდივნოს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, რომ მათი აზრით, თანაპარტიელთა ნაწილის მიერ პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარების საჯაროდ მოთხოვნა არასწორი იყო.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს – ნიკა მელიამ შიდაპარტიული არჩევნების ჩატარებისა და მასში მონაწილეობის მზადყოფნა გამოთქვა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია რუსთავის 2-ის ეთერში განაცხადა, რომ დავით კეზერაშვილს ენმ-ის თავმჯდომარედ პეტრე ცისკარიშვილი სურს.

ამასთან, ირაკლი კობახიძის თქმით, დავით კეზერაშვილი ერთ მხარეს აფინანსებს გარკვეულ სუბიექტებს „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით, მეორე მხარეს კი — გიორგი ვაშაძეს, ზურაბ ჯაფარიძეს და ელენე ხოშტარიას, ასევე, მედიას და არასამთავრობო სექტორსაც კი.

თავად პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნებში კანდიდატურის დაყენებას არ აპირებს. ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს არც ლევან ხაბეიშვილი და ხატია დეკანოიძე.

ნიკა მელიას გარდა თავმჯდომარეობაზე კანდიდატურა ჯერ სხვას არავის დაუყენებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი