ახალი ამბები

გვარამიას გამოშვება პირველი ნაბიჯი იქნება ევროპულ გზაზე – ALDE

10 ნოემბერი, 2022 • 772
გვარამიას გამოშვება პირველი ნაბიჯი იქნება ევროპულ გზაზე – ALDE

პარტია „ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი“ (ALDE – პარტია, რომელიც ევროპაში ლიბერალ პარტიებს აერთიანებს) განცხადებას ავრცელებს საქართველოს ევროპულ გზასთან დაკავშირებით და ნიკა გვარამიას გათავისუფლების საჭიროებაზე საუბრობს.

10 ნოემბერს გავრცელებულ მიმართვაში ALDE აცხადებს, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი ცვლილებები სჭირდება, რათა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი გახდეს და ასახელებს „სამართლის უზენაესობის, დამოუკიდებელი და თავისუფალი პრესისა და სიტყვის თავისუფლების პატივისცემის“ აუცილებლობას.

„პირველი ნაბიჯი საქართველოსთვის ევროპულ გზაზე იქნება ოპოზიციონერი ჟურნალისტის, ნიკა გვარამიას გამოშვება, რომელიც გამოგონილი ბრალდებებითაა ციხეში, რაც არაერთგზის დაგმეს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მომუშავე დამოუკიდებელმა ადამიანის უფლებათა ორგანიზაციებმა“, – აცხადებენ პარტიაში

„ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი“ იყო ერთ-ერთი პარტია, რომელმაც საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა.


ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 16 მაისს შეუფარდა.

პროკურატურა გვარამიას ედავებოდა, „რუსთავი 2-ის“ დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის „კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას“.

მის დაპატიმრებას არაერთი კრიტიკა მოჰყვა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. მათ შორის, გვარამიას პატიმრობას არაერთხელ გამოეხმაურნენ ევროპარლამენტარები.

ევროპარლამენტარ მაიკლ გალერის თქმით, ქვეყნისთვის, რომელიც მიისწრაფვის ევროკავშირისკენ, არ არის ბუნებრივი ჟურნალისტების ციხეში ჩასმა ისეთი ბრალდებებით, რომლებიც „აშკარად შეთითხნილია“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე, გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ, შეერთებული შტატების საელჩომ აშშ-ში დაგეგმილი პროგრამიდან მოხსნა.

2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.

ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი