ახალი ამბები

ზურაბიშვილს კიდევ რამდენიმე ორგანიზაცია მიმართავს გვარამიას შეწყალების თხოვნით

10 ნოემბერი, 2022 • 1119
ზურაბიშვილს კიდევ რამდენიმე ორგანიზაცია მიმართავს გვარამიას შეწყალების თხოვნით

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს კიდევ რამდენიმე ორგანიზაცია მიმართავს ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით .

ამის შესახებ მათ დღეს, 10 ნოემბერს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

„ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, რეგიონული მედიის, საზოგადოების და რელიგიის წარმომადგენლები მივმართავთ ქვეყნის პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და ვთხოვთ, შეიწყალოს ნიკა გვარამია საქართველოში დამოუკიდებელი მედიისა და დემოკრატიის განვითარებისთვის.

მიგვაჩნია, რომ ეს იქნება საუკეთესო ნაბიჯი საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის აღმოსაფხვრელად. როგორც რეგიონში მოქმედი მედია და საჯარო სექტორი, ჩვენ ძალიან შეშფოთებულნი ვართ დღეს თავისუფალი მედიის, კრიტიკული პირების და საჯარო სექტორის წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდის გამო“, – აცხადებენ ისინი.

ნიკა გვარამიას შეწყალების მოთხოვნას უერთდებიან:

  • aktual.ge
  • interpress.ge
  • Marneuli Tv
  • 24news.ge
  • სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო
  • წითელი ხიდი
  • სამოქალაქო აქტივისტი:სამირა ბაირამოვა
  • ნონა სამხარაძე

თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს არაერთმა პოლიტიკოსმა თუ ორგანიზაციამ მოუწოდა, შეიწყალოს ნიკა გვარამია. მისი შეწყალებისკენ ზურაბიშვილს მოუწოდეს ევროპარლამენტის წევრებმა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია PEN America-მ.

თავად სალომე ზურაბიშვილმა 2 ივნისს, როცა გვარამია ახლად დაპატიმრებული იყო, განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას ვერ შეაფასებდა, თუმცა თქვა, რომ ეს „პოლიტიკურად არ იყო დროული“.

მასალების გადაბეჭდვის წესი