ახალი ამბები

საქართველოში ვიზიტით ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის საგარეო მინისტრი იმყოფება

10 ნოემბერი, 2022 • 1050
საქართველოში ვიზიტით ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის საგარეო მინისტრი იმყოფება

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავსკი საქართველოში ვიზიტით იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ჩეხეთი ამჟამად ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, ის ფაქტი, რომ იან ლიპავსკის ვიზიტი ხორციელდება ჩეხეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში, განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელია.

„ეს, ერთი მხრივ, ჩვენი გამორჩეული ურთიერთობების ნათელი დასტურია, მეორე მხრივ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისადმი ჩეხეთის მტკიცე მხარდაჭერას უსვამს ხაზს. ამ ურთულეს და გამოწვევებით აღსავსე დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს უახლოესი პარტნიორების თანადგომას. ვაფასებთ, რომ ჩეხეთი ჩვენი ერთგული მოკავშირე და მხარდამჭერია“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა ჩეხ კოლეგასთან შეხვედრის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ილია დარჩიაშვილის თქმით, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრაზე განიხილეს ჩეხეთსა და საქართველოს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში და ხაზი გაესვა მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის აქტიურად გაგრძელების მნიშვნელობას, ასევე, ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ვაჭრობის, ეკონომიკის, ტურიზმისა და განათლების მიმართულებებით.
„ევროპელი პარტნიორებისა და მეგობრების გზავნილი, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია, წარმოადგენს ძლიერ მოტივაციას, რათა წარმატებით გავიაროთ ამ გზის ყოველი ეტაპი“, – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

დარჩიაშვილის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც სატრანსპორტო და ლოგისტიკური რეგიონული ცენტრის სტრატეგიულ როლსაც და ყურადღება გამახვილდა საქართველოს მნიშვნელობაზე ევროპის ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების პროცესში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის გაღრმავებაზე უსაფრთხოების სფეროშიც, რაც ხაზგასმულია ევროკავშირის სტრატეგიული კომპასის დოკუმენტშიც.

„მინისტრის თქმით, საქართველო რჩება ევროკავშირის ერთ-ერთ მთავარ მოკავშირედ რეგიონში, წლის ბოლომდე დაგეგმილია მნიშვნელოვანი მაღალი დონის ვიზიტები ბრიუსელიდან, რაც კარგი შესაძლებლობა იქნება საერთო ინტერესის საკითხებისა და რეგიონში არსებული გამოწვევების განსახილველად.
ამასთან, ხაზგასმით აღინიშნა, რომ ჩეხეთის მხარდაჭერით საქართველოში განხორციელებული პროექტები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური ტრანსფორმაციისა და რეფორმების განხორციელებაში ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.

ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო რეგიონში უსაფრთხოების კუთხით შექმნილ რთულ ვითარებას და უკრაინაში მიმდინარე ომს“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დარჩიაშვილის განცხადებით, კოლეგასთან საუბრისას ქართული მხარის მიერ აღინიშნა ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარება.

„მინისტრმა ხაზი გაუსვა ჩეხეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასა და იმ მნიშვნელოვან წვლილს, რომელიც ჩეხეთს შეაქვს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობაში. ილია დარჩიაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ჩეხეთი საქართველოს გამორჩეული მხარდამჭერია ნატოში ინტეგრაციის პროცესშიც“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ჩეხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრას გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთანაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი