ახალი ამბები

კობახიძის ცნობით, კეზერაშვილს ენმ-ის თავმჯდომარედ პეტრე ცისკარიშვილი სურს

9 ნოემბერი, 2022 • 1130
კობახიძის ცნობით, კეზერაშვილს ენმ-ის თავმჯდომარედ პეტრე ცისკარიშვილი სურს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარი რადიკალური დღის წესრიგის მსხვერპლი გახდა.

კობახიძე „რუსთავი 2“-ის ეთერში გამოეხმაურა ენმ-ის შიგნით მიმდინარე პროცესებს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

„დღეს რასაც ვხედავთ, ეს არის პოლარიზაცია, რადიკალური დაპირისპირება ორ სხვადასხვა დაჯგუფებას შორის ნაცმოძრაობის შიგნით, რაც კარგია. ეს ნიშნავს, რომ ნაცმოძრაობა სუსტდება, კიდევ უფრო დასუსტდება და ასეთ პირობებში შანსი ეძლევა სხვა, ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს, რომ თავი დაიმკვიდრონ ამ პოლიტიკურ სისტემაში. ეს არის ძალიან კარგი პროცესი და ჩვენ ამ პროცესს თავიდან ბოლომდე მივესალმებით“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

მისი თქმით, სინამდვილეში „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვერ იყოფენ დავით კეზერაშვილის ფულს და შიდა ძალაუფლებას.

„ბოლო დროს წინა პლანზე წამოვიდა კეზერაშვილი. ახლა ყველაზე მსხვილი დამფინანსებელი ქართულ პოლიტიკაში კეზერაშვილია, რომელიც ცდილობს, ინვესტიციები ჩადოს ქართულ პოლიტიკაში და მას ჰყავს თავისი ფავორიტები“, — განაცხადა კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ინფორმაციით, კეზერაშვილის ფავორიტები არიან ლევან ხაბეიშვილი და ვანო მერაბიშვილი.

„გეგმა არის ასეთი… ამ გეგმის მომზადებაში ჩართული იყო თვითონ კეზერაშვილი, ვანო მერაბიშვილი, რომელსაც უნდა, აქტიურად დაბრუნდეს პოლიტიკაში და მელია არ აძლევდა ამის საშუალებას… არის გეგმა, რომ ცისკარიშვილი უნდა გახდეს პარტიის თავმჯდომარე, ნაცვლად იმ ფორმალური თავმჯდომარისა, რომელიც დღეს ჰყავს ნაცმოძრაობას“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, „ცისკარიშვილი იყო კეზერაშვილის ერთ-ერთი ქოლ-ცენტრის დირექტორი უკრაინაში“.

„წარმოიდგინეთ, ასეთი ღირებულების ადამიანებზე არის ლაპარაკი. თავის დროზე ქართველ ხალხს ძარცვავდნენ, მერე გააგრძელეს ევროპელების ძარცვა“, — განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, დავით კეზერაშვილი ერთ მხარეს აფინანსებს გარკვეულ სუბიექტებს „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით, მეორე მხარეს კი— გიორგი ვაშაძეს, ზურაბ ჯაფარიძეს და ელენე ხოშტარიას, ასევე, მედიას და არასამთავრობო სექტორსაც კი.

ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე პროკურატურაში დღეს მორიგი ბრიფინგი გაიმართა. საქართველოს პროკურატურის ცნობით, შვიდი ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ტრანსნაციონალური დანაშაულის გამოვლენის მიზნით ღონისძიებები ჩატარდა ერთდროულად 4 ქვეყნის ტერიტორიაზე, საქართველოს ჩათვლით. დავით კეზერაშვილის სახელი პროკურატურის ბრიფინგზე ნახსენები არ ყოფილა.

„ქოლცენტრების“ საქმეზე 3 ქვეყანაში ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინდა — პროკურატურა

მასალების გადაბეჭდვის წესი