ახალი ამბები

„ქოლცენტრების“ საქმეზე 3 ქვეყანაში ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინდა — პროკურატურა

9 ნოემბერი, 2022 • 1355
„ქოლცენტრების“ საქმეზე 3 ქვეყანაში ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინდა — პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, შვიდი ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ტრანსნაციონალური დანაშაული გამოვლინდა ერთდროულად სამი ქვეყნის ტერიტორიაზე — საქართველოს, ალბანეთის და ჩრდილოეთ მაკედონიის.

როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ ბაკურ აბულაძემ განაცხადა, ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პოლიციის, პროკურატურის და საქართველოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედებები ათეულობით ლოკაციაზე ჩაატარეს.

ფართომასშტაბიან ღონისძიებაში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის 60 და საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების 250-მდე თანამშრომელი მონაწილეობდა.

„განხორციელდა ხუთი ე.წ. ქოლცენტრის, ათეულობით ფიზიკური პირის, მათი საცხოვრებელი ბინების, ავტომანქანების და სამუშაო ადგილების ჩხრეკა. ამოღებულია ასეულობით ელექტრონული მატარებელი, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა. ათეულობით ობიექტიდან გამოთხოვილია ელექტრონული ინფორმაცია. ამავდროულად, ყადაღა დაედო, სავარაუდოდ, დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ქონებებს და საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ თანხას. ფართომასშტაბიანი ღონისძიების ფარგლებში, პირველ ეტაპზე სისხლისსამართლებრივი დევნა სხვადასხვა ქვეყნებში დაწყებულია დანაშაულის ორგანიზატორთა გარკვეული ნაწილის მიმართ, საქართველოში დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთი ორგანიზატორი, მისი შემდგომი ექსტრადირების მიზნით“, — განაცხადა აბულაძემ.

მისი თქმით, საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის მიერ ერთობლივად წარმოებული გამოძიება ეხება უცხო ქვეყნების და საქართველოს მოქალაქეების მიერ მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით ჩამოყალიბებული ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობის გამოვლენას.

„გამოძიების მიერ ამ ეტაპზე მოპოვებული ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობა მოიცავს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, კომპანიების დაფუძნებას და მათ ბაზაზე ე.წ. ქოლცენტრების მოწყობას. აღნიშნული ქოლცენტრების მეშვეობით ევროკავშირის წევრი ქვეყნების, მათ შორის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეების კუთვნილი მილიონობით ევროს თაღლითურად დაუფლებას და შემდგომში მათ გათეთრებას. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ ე.წ. ქოლ-ცენტრის ფუნქციონირებისთვის ასეულობით საფირმო სახელწოდებით შექმნილია ელექტრონული სავაჭრო პლატფორმები, რომლებიც უზრუნველყოფდა მომხმარებლისაგან თაღლითურად მოპოვებული თანხების განთავსებას ფიქტიური საწარმოების საბანკო ანგარიშებზე“, — აცხადებს პრკურატურა.

პროკურატურაში გამართულ ბრიფინგში მონაწილეობდა გერმანიის ელჩი საქართველოში ერნსტ პეტერ ფიშერი.

„ძალიან მახარებს ის გარემოება, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ და პოლიციამ, გერმანელ კოლეგებთან ერთად, ჩაატარა წარმატებული საგამოძიებო ღონისძიებები. ჩვენ მოვახერხეთ საერთაშორისო თაღლითობის ფაქტების გამოვლენა, ონლაინ-პლატფორმების გამოვლენა“, — განაცხადა ელჩმა და დასძინა, რომ საქართველოსა და ევროკავშირის კომპეტენტურ ორგანოებს შორის თანამშრომლობა საქართველოს ევროპული მომავლისთვის კარგი მაგალითია.

​საქართველოს პროკურატურის თანახმად, ანალოგიურ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს პროკურატურის მიერ დაწყებულია ე.წ. ქოლცენტრების საქმიანობაში ჩართული ათეულობით ფიზიკური თუ იურიდიული პირის მიმართ. ამ შემთხვევაშიც გამოძიება გაგრძელდება გერმანულ მხარესთან, ასევე, საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფში ჩართული ქვეყნების კომპეტენტურ უწყებებთან აქტიური თანამშრომლობით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობაში ჩართული სხვა პირების მხილების მიზნით.

განახლება: პროკურატურის ვებ-გვერდზე თავდაპირველად გამოქვეყნებულ განცხადებაში ჩამოთვლილი იყო სამი ქვეყანა (საქართველო, ალბანეთი და ჩრდილოეთ მაკედონია), სადაც ფართომასშტაბიანი ღონისძიება ჩატარდა. განახლებული ტექსტში კი წერია, რომ ფართომასშტაბიანი ღონისძიება ჩატარდა ოთხი ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე. დანარჩენი სამი ქვეყანა დასახელებული არ არის. პროკურატურაში „ნეტგაზეთს“ უთხრეს, რომ საჭიროდ ჩათვალეს, განცხადებიდან ამოეღოთ ქვეყნების ჩამონათვალი, თუმცა მიზეზი არ განუმარტავთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი