უკრაინული მედიის ცნობით, რუსული საოკუპაციო ძალები ხერსონის ოლქში, მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე ხიდებს აფეთქებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსებმა ააფეთქეს დარიივსკის, ტიაჰინსკისა და ნოვოვასილივსკის ხიდები.
ხიდების აფეთქება, შესაძლოა, ნიშნავდეს უკრაინული წინსვლის შეჩერების მცდელობას.
სოციალურ ქსელებში ვრცელდება ჯერჯერობით დაუდასტურებელი ცნობები იმის შესახებ, რომ შესაძლოა, რუსები აპირებენ ხერსონის ოლქის მარჯვენა სანაპიროს დატოვებას.
მანამდე რუსებმა მოაწყვეს თავდაცვითი ხაზები მდინარის მარცხენა სანაპიროზე.
ხერსონის ოლქი ერთ-ერთია იმ ოთხ ოლქს შორის, რომელიც რუსეთის ფედერაციამ უკანონო რეფერენდუმების შედეგად წელს მიიერთა. მანამდე რუსეთმა ყირიმისა და სევასტოპოლის ანექსია განახორციელა. უკრაინამ ხერსონის ოლქში კონტრშეტევა შემოდგომის დასაწყისიდან წამოიწყო.