ახალი ამბები

„პასუხისმგებლობა ავიღოთ ჩვენ და კონსოლიდირებულად შევცვალოთ ხელისუფლება“ — ხოშტარია

9 ნოემბერი, 2022 • 916
„პასუხისმგებლობა ავიღოთ ჩვენ და კონსოლიდირებულად შევცვალოთ ხელისუფლება“ — ხოშტარია

„სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი — მეტი თავისუფლებისთვის“ და „დროა“ ეხმაურება ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების წლიური ანგარიშის შესწორებულ ვერსიას.

როგორც ერთობლივ ბრიფინგზე ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, ევროპალრამენტის ანგარიშით კიდევ ერთხელ დასტურდება ის ფაქტი, რომ „ქართული ოცნება“ არ აპირებს ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებას.

„პირიქით, ამ 4 თვის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ გადადგა რიგი ნაბიჯები, რომელიც წინააღმდეგობაშია 12 პუნქტის სულისკვეთებასთან. ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე, რაც შეიძლება ჩვენ გვქონდეს ახლა, არის კონსოლიდაცია. ეს ეხება არა მარტო ოპოზიციას, არამედ საზოგადოების ნებისმიერ წევრს, რომლისთვისაც ძვირფასია ქვეყნის ევროპული მომავალი და ამ ხელისუფლების გაშვება რაც შეიძლება სწრაფად“, — განაცხადა ჯაფარიძემ.

„დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ხაზი გაუსვა, რომ ასოცირების შეთხნახმების შესრულების ანგარიში არის პირველი ოფიციალური წერილობითი დოკუმენტი იმ პროცესში, როდესაც საქართველო ელის შეფასებას ევროკავშირის მხრიდან.

„ამ დოკუმენტში პრაქტიკულად საუბარია არათუ წინსვლაზე და პერპსექტივასთან მიახლოებაზე, არამედ უკუსვლაზე და რეგრესზე. ასევე, მინდა ხაზი გავუსვა, არცერთი საკითხი არ არის დაკავშირებული რამე სახის რთული რეფორმების გატარებაზე — პოლიტიკურ ნებაზე და სურვილზეა დამოკიდებული, დავუახლოვდეთ ევროპას. მაგალითად, ნიკა გვარამიას გამოშვებას დღეს მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური ნება სჭირდება; მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადასვლას მხოლოდ პოლიტიკური ნება სჭირდება; სასამართლო რეფორმას, პროპაგანდასთან წინააღმდეგობას, უკრაინის მხარდაჭერას სჭირდება მხოლოდ პოლიტიკური ნება. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ამ ხელისუფლებას პოლიტიკური ნება არა აქვს და პასუხისმგებლობა ავიღოთ ჩვენ და კონსოლიდირებულად შევცვალოთ ეს ხელისუფლება“, — განაცხადა ხოშტარიამ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრ სერგო ჩიხლაძის აზრით, მმართველი გუნდი არათუ რამეს გააკეთებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, არამედ „კიდევ უფრო დაგვაშორებს ევროპულ არჩევანს და დაგვაკარგვინებს ისტორიულ შანსს“. ამიტომ, ჩიხლაძის თქმით, საჭიროა მოსახლეობის და პოლიტიკური სპექტრის კონსოლიდაცია ოლიგარქიული რეჟიმის სასწრაფოდ შესაცვლელად.

„გვარამიას საქმე, სააკაშვილის გადაყვანა და ივანიშვილის გავლენები“ – ცვლილებები ევროპარლამენტის ანგარიშში

მასალების გადაბეჭდვის წესი