ახალი ამბები

“რატომ არ არის გაძევებული?” — ბოკერია რუსეთის მოქალაქეზე, რომელიც ქართველებს შეურაცხყოფდა

8 ნოემბერი, 2022 • 949
“რატომ არ არის გაძევებული?” — ბოკერია რუსეთის მოქალაქეზე, რომელიც ქართველებს შეურაცხყოფდა

“ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე გიგა ბოკერია სვამს კითხვას, რატომ არ გააძევეს საქართველოდან რუსეთის მოქალაქე, რომელიც საჯაროდ შეურაცხყოფდა ქართვლებს თბილისის ერთ-ერთ ქუჩაში.

საუბარია 5 ნოემბერს მომხდარ შემთხვევაზე, როდესაც ახალგაზრდა კაცი მარჯანიშვილზე იდგა და განუწყვეტლივ იმეორებდა შეურაცხმყოფელ ფრაზებს ქართველების მისამართით.

შსს-ს ცნობით, პოლიციამ ის დააკავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

“ასეთი რამე, რა თქმა უნდა, ყველგან შეიძლება მოხდეს და ამას ვერ გააკონტროლებს ვერც ერთი ხელისუფლება, რომ შემოსული მოქალაქე, მათ შორის მტრული ქვეყნიდან, სადღაც მოიქცა ჩვენი ქვეყნისთვის შეურაცხმყოფლად, მაგრამ აქ საუბარი არის სხვა რამეზე”, — ამბობს გიგა ბოკერია.

ბოკერიამ გაახმიანა “რიტორიკული” კითხვა, რატომ არ არის ხსენებული პირი გაძევებული საქართველოდან.

მისი სიტყვებით, როცა ადამიანი ასე იქცევა, გარდა იმისა, რომ შეურაცხყოფას აყენებს ქვეყანასა და საზოგადოებას, ის “არის საფრთხე საზოგადოებრივი წესრიგისა, იმიტომ, რომ ნებისმიერ მომენტში შეიძლება მოხდეს ინციდენტი, რასაც მერე ეს რეჟიმი და პუტინის რეჟიმი პროპაგანდისთვის გამოიყენებს, რასაც უკვე ვხედავთ ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან”.

ბოკერიამ ახსენა კანონი უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, რომლის 51 მუხლის გ ქვეპუნქტი ამბობს, რომ “საქართველოდან უცხოელის ქვეყნიდან გაძევება არის მიზანშეწონილი და შეიძლება მოხდეს, თუ საქართველოში მისი ყოფნა ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან და საზოგადოებრივ წესრიგს”.

“ეს ჩანაწერი თუ მსგავსი შემთხვევებისთვის არ არის, აბა, როგორი შემთხვევებისთვის უნდა იყოს, რა უქმნის საფრთხეს საზოგადოებრივ წესრიგს, თუ არა მტრული სახელმწიფოს წარმომადგენლის ასეთი ქცევა ქვეყანაში?” — კითხულობს “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე.

მასალების გადაბეჭდვის წესი