აფიშაახალი ამბებიხელოვნება

“გოდოს მოლოდინში” – პრემიერა “თეატრში ათონელზე”

8 ნოემბერი, 2022 • 2722
“გოდოს მოლოდინში” – პრემიერა “თეატრში ათონელზე”

პიესის “გოდოს მოლოდინში” მიხედვით, სოფიო ქელბაქიანის მიერ დადგმული სპექტაკლის პრემიერა გაიმართება 11, 12 და 13 ნოემბერს, 20:00 საათზე, “თეატრში ათონელზე”. 

სემუელ ბეკეტის პიესა არის საკვანძო ტექსტი მსოფლიო დრამის ისტორიისთვის. აბსურდის დრამის წიაღში დაწერილი პიესა გზაგასაყარად მიიჩნევა მოდერნიზმსა და პოსტმოდერნიზმს შორის. 

სოფიო ქელბაქიანი უბრუნდება ბეკეტს და ეს დაბრუნება არ უნდა იყოს შემთხვევითი. სპექტაკლის აღწერა იფარგლება მხოლოდ ერთი ციტატით – “უაზრობაა წარსული, რადგან ის დაკარგულია, გაუგებარია მომავალი, რადგან ის შეუცნობელია, მათ შორის მომწყვდეული აწმყო კი წამიერი და მოსაწყენია.” ლაკონიური ციტატა, სიტყვასთან ერთად (“მიხედვით”), რომელიც მუდამ თან დაჰყვება აფიშასა და სპექტაკლის აღწერას, არის ერთგვარი სატყუარა და მინიშნება. “მიხედვით”, ერთი მხრივ, არის თავდაცვა და იმავდროულად, ნიშანი იმისა, რომ მაყურებელი უნდა ელოდოს ტექსტის ახალ ინტერპრეტაციას. საგულისხმოა, რომ აფიშაზე ვერსად ნახავთ გაბეზრებულ ცილინდრებს, დახეულ ჩექმებსა და დაფლეთილ ტანსაცმელს. ეს ნივთები პიესის უცვლელი თანმდევი დეტალებია, რომლებზეც თითქმის უცვლელად იდგა ტექსტის ინტერპრეტაციები.

აფიშაზე საქორწინო კაბაში გამოწყობილი ესტრაგონი, სასმლის ბოთლით მომარჯვებულ ვლადიმირთან ერთად, აღძრავს ბევრ ვარაუდსა და მოლოდინს. პირველ ყოვლისა კი, მსოფლიო და ქართული მასშტაბით მრავალჯერ დადგმული ტექსტის ახალი ინტერპრეტაციის მოლოდინს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მსახიობები: ანასტასია ჭანტურაია, გიორგი ხურცილავა, ბექა ხაჩიძე და ლილი ხურითი. მხატვრულად სპექტაკლს გააფორმებს სოფიო ქელბაქიანი, მუსიკალურად კი – ანუშკა ჩხეიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი