ახალი ამბები

გოგაშვილის დაცვის უფროსი ბრალს აღიარებს, ელის საპროცესოს გაფორმებას – ადვოკატი

26 ოქტომბერი, 2022 • 558
გოგაშვილის დაცვის უფროსი ბრალს აღიარებს, ელის საპროცესოს გაფორმებას – ადვოკატი

ადვოკატის თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ის) უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის დაცვის უფროსი, ალექსანდრე სამხარაძე აღიარებს ბრალს იარაღთან დაკავშირებით და საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ელის.

ალექსანდრე სამხარაძეს ბრალი რამდენიმე კვირის წინ, გოგაშვილის კვალდაკვალ წარუდგინეს „საბრძოლო მასალის უკანონო შენახვის“ მუხლით, რაც 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გოგაშვილისა და სამხარაძის ადვოკატმა, რამაზ ჩინჩალაძემ 26 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სამხარაძე ბრალად წარდგენილ ქმედებას აღიარებს.

სამხარაძის ადვოკატის განცხადებითვე, დაცვის მხარემ გენერალურ პროკურატურას უკვე მიმართა საპროცესო შეთანხმების გაფორმების მიზნით. გარემოებებს კი ასე აღწერს:

„ალექსანდრე სამხარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობდა. როცა მან თანამდებობა დატოვა, მისი საშტატო იარაღი ჩააბარა, თუმცა საბრძოლო ვაზნები სახლში დარჩა, რაც მის მიმართ ბრალის წარდგენის საფუძველი გახდა. ეს ქმედება დასჯადია, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ საბრძოლო მასალის შენახვა მიზანმიმართულად არ იყო შემდეგში უკანონო მოქმედებების ჩადენის მიზნით“, – განაცხადა ადვოკატმა.

26 ოქტომბრის წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა დასაშვებად ცნო ბრალდების მხარის მტკიცებულებები და განაცხადა, რომ საქმე არსებითად განხილვის ეტაპზე გადავიდა. სასამართლო სხდომა 9 ნოემბერს ჩაინიშნა.


უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე 2015-18 წლებში, სოსო გოგაშვილი, 2022 წლის 16 ივლისს საკუთარ სახლში სამი ბრალდებით დააკავეს.

გამოძიება თავდაპირველად ედავებოდა პერსონალური მონაცემების ხელყოფას, უფლებამოსილების გადამეტებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას.

11 ოქტომბერს გოგაშვილს ბრალდება დაუმძიმდა და „სახელმწიფო საიდუმლოების განზრახ გახმაურების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე“ ახალი ბრალდება წარედგინა.

გოგაშვილების ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი 11 სექტმებერს დააყადაღეს.

გოგაშვილი ბრალდებებს უარყოფს და თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს.

იგი პერიოდულად ავრცელებს ინფორმაციას მისი სუს-ში ყოფნის დროს განვითარებულ მოვლენებზე.

მაგალითად, გოგაშვილი აღწერს უკანონო ფარული მოსმენების სისტემას და აცხადებს, რომ სისტემაში 2000 ოპერატიული მუშაკია ჩართული და სუსი „VIP პერსონების კრებსებს პირადად ბიძინა ივანიშვილს უგზავნის“.

ის ასევე ამბობს, რომ მისი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში საქართველომ ორ ქვეყანაში დანიშნა ელჩები, რომლებიც აგენტურულ ბაზაში ირიცხებოდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი