ახალი ამბები

„500 ცხვრის გატარებაში ერთ ცხვარს გვართმევენ“ — მეცხვარეები დახმარებას ითხოვენ

8 ნოემბერი, 2022 • 2874
„500 ცხვრის გატარებაში ერთ ცხვარს გვართმევენ“ — მეცხვარეები დახმარებას ითხოვენ

ქართველი მეცხვარეები მთავრობას ცხვრის გადასარეკი ბილიკების გამოყოფასა და დარგში არსებული პრობლემების მოგვარებას სთხოვენ.

ამ მოთხოვნებით მეცხვარეებმა ოფიციალური წერილითაც მიმართეს საქართველოს მთავრობას, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებსა და ქვემო ქართლის მხარის ადმინისტრაციას.

მეცხვარეების თანახმად, პრობლემას ქმნის ის ფაქტი, რომ ცხვრის გადასარეკი ტრასები ემთხვევა კერძო მიწის ნაკვეთებს, რის გამოც მიწის მესაკუთრეები ცხვარს გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ.

სახელმწიფო უწყებების განცხადებით, „საკითხზე აქტიურად მუშაობენ“, თუმცა ჯერჯერობით არ არსებობს შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის კონკრეტული, შეჯერებული გზები.

ცხვრის გადასარეკი ტრასები თუ კერძო საკუთრება

წერილში, რომელსაც 9 მეცხვარე ფერმერი აწერს ხელს, ნათქვამია, რომ ისინი ქალაქ რუსთავთან ახლოს, იაღლუჯის მთის საძოვრებზე ცხვრის გადაყვანას ვერ ახერხებენ, რადგან იქ, სადაც ცხვარმა უნდა გაიაროს, ახლა უკვე კერძო მიწის ნაკვეთებია.

მიწის მეპატრონეები კი მეცხვარეებისგან ცხვრის გატარების სანაცვლოდ „კომპენსაციას“ ითხოვენ.

„დღეის მდგომარეობით, კერძო მესაკუთრეები არ გვატარებენ და გვთხოვენ გასამრჯელოს ცხვრის სახით, კომპენსაციის გადახდას. კერძოდ, 500- სულიანმა ფარამ უნდა გადაიხადოს 1 თოხლი (ახალგაზრდა, 1 წლამდე ცხვარი), 1000 სულიანმა – 2 თოხლი და ასე შემდეგ“, — ნათქვამია წერილში.

ტერიტორია, რომელზეც ცხვრის ფარამ უნდა გაიროს და რომელზეც ფერმერები საუბრობენ, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისს ეკუთვნის და 2000-იანი წლების მეორე ნახევარში გასხვისხდა.

საჯარო რეესტრიდან მიწის ნაკვეთის შესახებ 2022 წლის ივნისში მომზადებული ამონაწერიდან ირკვევა, რომ ტერიტორია კერძო მესაკუთრეს საკუთრებად დაურეგისტრირდა სახელმწიფო ქონების პრივატიზების შედეგად, 2007 წლის მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმის საფუძველზე.

მომთაბარე მეცხვარეთა გადაადგილების მარშრუტი იაღლუჯის მთისკენ ასე გამოიყურება: თბილისი-რუსთავის ავტობანის კვეთის შემდეგ, ისინი მთისკენ აღმართს გაივლიან, სადაც გზად ხვდებათ რუსთავის ავტოდრომი, ავტობაზრობის ტერიტორია და კერძო მიწის ნაკვეთები.  

2011 წლამდე მეცხვარეები გადაადგილდებოდნენ ამჟამინდელი ავტოდრომისა და ავტომობილების ბაზრობის ტერიტორიაზე, მაგრამ ინფრასტრუქტურის მოწყობის შემდეგ ისინი იძულებულნი არიან, კერძო საკუთრება გადაკვეთონ.

მეცხვარე ფერმერი ბექა გონაშვილი აცხადებს, რომ შექმნილ ვითარებაში, ქვემო ქართლის გუბერნატორის შუამავლობით, მეცხვარეებს უფლება მისცეს, რუსთავის ავტოდრომის ტერიტორიით დროებით ესარგებლათ, რომელიც ასევე კერძო საკუთრებაა.

საქართველოში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მეცხვარეები ცხვრის გადასარეკად ძველ ტრასებს იყენებდნენ, თუმცა სახელმწიფო მიწის პრივატიზების ან მიწის თვითნებური დატაცების შემდეგ ამ ტრასების ნაწილზე ხელოვნური ბარიერები, ღობეები აღმართეს, რაც მეცხვარეებს გადაადგილებას უძნელებს.

ასევე, მათ შორის იმავე მიზეზების გათვალისწინებით, შემცირდა საძოვრების ფართობიც.

სახელმწიფოს პასუხი

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ძირითადად მომთაბარული მეცხვარეობაა განვითარებული და არა სტაციონარული, სახელმწიფოს ოფიციალურად არ აქვს იდენტიფიცირებული გადასარეკი ტრასების მარშრუტები. შესაბამისად, კერძო საკუთრების მეპატრონეებს უფლება აქვთ, საკუთარ ნაკვეთებზე მეცხვარეებს გადაადგილების ნება არ დართონ.

ნეტგაზეთმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართა კითხვით, იგეგმებოდა თუ არა ცხვრის გადასარეკი ტრასების ან მათი ალტერნატიული ტრასების შექმნა, ან რა ნაბიჯები იდგმებოდა სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული მიმართულებით, რაზეც უწყებამ განაცხადა, რომ მიმდინარეობს „ყველა შესაძლო ვარიანტის განხილვა, თუმცა ამ ეტაპზე, კონკრეტული პასუხი არ არსებობს“.

ნეტგაზეთმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჰკითხა, პრობლემის მოსაგვარებლად ხომ არ იგეგმებოდა, მაგალითად, მოლაპარაკება მიწის მესაკუთრესთან ნაკვეთის მონაცვლეობის მიზნით. უწყებიდან პასუხის მიღებისთანავე სტატია განახლდება.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი