ახალი ამბები

კრიმინალური გარჩევა მეცხვარეებს შორის ცხვრების გამო — დაკავებულია 5, ეძებენ 2-ს

1 მარტი, 2023 • 752
კრიმინალური გარჩევა მეცხვარეებს შორის ცხვრების გამო — დაკავებულია 5, ეძებენ 2-ს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ასობით ცხვრის გატაცების საქმეზე უწყებამ 5 ადამიანი დააკავა.

აქედან სამს – გ.ბ.-ს, მ.რ.-ს და ზ.ბ.-ს ბრალად ედებათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით ძარცვა. მეოთხე პირს (ა.ა.-ს) ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით ძარცვის და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ხოლო მეხუთეს (ლ.მ.-ს) – წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით ძარცვა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთა.

ამას გარდა, შსს კიდევ ორ ადამიანს ეძებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ გ.ბ.-მ , ნ.ბ.-მ, მ.რ.-მ და ზ.ბ.-მ ძალადობის მუქარით, მართლსაწინააღმდეგოდ გაიტაცეს ლ.მ.-ის ფერმიდან 600 ცხვარი. ლ.მ.-ს და გ.ბ.-ს შორის მომხდარი კონფლიქტის გარკვევის და დავის მოგვარების მიზნით, ლ.მ.-ის მხარემ კრიმინალურ ავტორიტეტს – ა.ა.-ს მიმართა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ა.ა.-მ და გ.ტ.-მ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება მწყემსებს, რის შემდეგაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ გ.ბ.-ის კუთვნილ 1068 ცხვარს“, – წერს უწყება.

შსს თქმითვე, პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო ,,აკ-74’’-ის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნები, აგრეთვე, ,,ნაგანის’’ სისტემის პისტოლეტი ვაზნებით, რომლებიც ა.ა.-მ და გ.ტ.-მ, სავარაუდოდ, მიმალვის დროს თავიდან მოიშორეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე, 236-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი