რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მშვიდობიანი მოსახლეობა, რომელიც ჯერ კიდევ ცხოვრობს ხერსონის ოლქის საომარი ზონების მიმდებარედ, აუცილებლად უნდა იქნას ევაკუირებული.

„ახლა, რა თქმა უნდა, ისინი, ვინც ხერსონში ცხოვრობენ, საომარი ზონებიდან აუცილებლად უნდა იქნან გაყვანილნი, რადგან მოსახლეობა არ უნდა დაზარალდეს“, – განაცხადა პუტინმა მომხრეებთან შეხვედრისას.

მედიაში პერიოდულად ვრცელდება ცნობები, რომ, შესაძლოა, უკრაინული კონტრშეტევის გათვალისწინებით, რუსეთი ხერსონის ოლქის მარჯვენა სანაპიროს დატოვებასაც განიხილავდეს.

პარალელურად, საგულისხმოა, რომ რუსული მხარე უშუალოდ ქალაქის ტერიტორიაზე ბრძოლისთვის ემზადება, რისთვისაც მათ ქალაქში დაამონტაჟეს ბეტონის საგუშაგოები.

ხერსონი უკრაინის სამხრეთით მდებარე ყველაზე დიდი ქალაქია, რომლის დაკავებაც კრემლმა ომის დაწყებიდან მალევე შეძლო.

ქალაქი მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს, მაშინ როდესაც რუსული მომარაგების ხაზები მდინარის აღმოსავლეთ სანაპიროზეა.

უკრაინულმა ჯარმა უკვე გაათავისუფლა ოლქის ჩრდილოეთ ნაწილი და ქალაქს მოკლე და საშუალო მოქმედების საარტილერიო ცეცხლის მანძილზე მიუახლოვდნენ.