აფიშაახალი ამბებიკინო

ნოემბერში ქართული კინოს კვირეული მიტოვებულ კინოთეატრებში გაიმართება

4 ნოემბერი, 2022 • 2743
ნოემბერში ქართული კინოს კვირეული მიტოვებულ კინოთეატრებში გაიმართება

ნოემბრის მეორე კვირაში საქართველოს რეგიონებში ქართული კინოს კვირეული მიტოვებულ კინოთეატრებსა და კულტურის სახლებში გაიმართება.

ორგანიზატორთა ცნობით, წლების წინ ჩამქრალ ეკრანებზე კინო დაბრუნდება გორში, კასპში, ამბროლაურში, ბოლნისსა და თეთრიწყაროში.

ეს ინიციატივა ეკუთვნით ახალგაზრდებს, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ცხოვრობენ, ისინი ერთმანეთს დაუკავშირდნენ და „ქსელი“ შექმნეს.

„ქსელი“ საერთო იდეებისა და გამოწვევების ირგვლივ გაერთიანებული ადამიანებისა
და ორგანიზაციების კავშირია. მიტოვებული კულტურული სივრცეების ერთდროულად
გაცოცხლების პროექტი არის ქსელის წევრების პირველი სერიოზული თანამშრომლობა.

ქსელის მიზანია, ახალგაზრდებს დაეხმაროს რეგიონში ყოფის აუტანელი მოწყენილობის
შემსუბუქებაში, მრავალფეროვანი, შემოქმედებითი და მხარადამჭერი
სივრცეების შექმნით.

„ნოემბერში დაგეგმილი ჩვენებების მიზანი „ქსელის“ იდეების და სამომავლო გეგმების „გამომზეურება“ და თანამოაზრეების შემოკრებაა.

მიტოვებული კინოთეატრებისა და კულტურის სახლების გაცოცხლების კვირეული ამ
სივრცეებში წარსულის დაბრუნებას კი არა, მათში მომავლის წარმოდგენას ისახავს
მიზნად“, — აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.

კინოჩვენებების განრიგი:

8 ნოემბერი 

  • გორი, სოფ. ბეთლემი, კულტურის სახლი. უტა ბერიას ფილმი – „უარყოფითი
    რიცხვები“

14 ნოემბერი

  • ამბროლაური,კინოს ყოფილი შენობა. უტა ბერიას
    ფილმი – „უარყოფითი რიცხვები“

7 ნოემბერი

  • ბოლნისი, ძველი კინოთეატრი. ალ.კობერიძის ფილმი, “რას ვხედავთ, როდესაც
    ცას ვუყურებთ”

15 ნოემბერი

  • თეთრიწყარო, სოფ. სამშვილდე, კლუბის შენობა. ელდარ შენგელაიას ფილმი
    “შერეკილები”

15 ნოემბერი

  • კასპი, სოფ, კოდისწყაროს კულტურის სახლი. ალ.კობერიძის ფილმი, “რას
    ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი