პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ჯერ არ უთქვამს, აპირებს თუ არა, შეიწყალოს „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია.
სააპელაციო სასამართლომ 2 ნოემბერს გვარამიას მსჯავრი დაუმძიმა, პატიმრობის ვადად კი 3 წელი და 6 თვე დაუტოვა.
3 ნოემბერს ქუჩაში, ავტომობილისკენ მიმავალ პრეზიდენტ ზურაბიშვილს ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტმა ჰკითხა, აპირებს თუ არა გვარამიას შეწყალებას.
„დილა მშვიდობის. როგორ არის თქვენი საყვარელი ფორმულა?.. პრეზიდენტი დუმს“, – უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.
გვარამიას სააპელაციო სარჩელს განიხილავდნენ მოსამართლეები – მერაბ ჯორბენაძე, ლავრენტი მაღლაკელიძე და დავით მამისეიშვილი.
გადაწყვეტილება 2 ნოემბერს, 11:10 საათისთვის, გამოაცხადა მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს არაერთმა პოლიტიკოსმა თუ ორგანიზაციამ მოუწოდა, შეიწყალოს ნიკა გვარამია.
პრეზიდენტმა 2 ივნისს, – როცა გვარამია ახლად დაპატიმრებული იყო, – განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას ვერ შეაფასებდა, თუმცა თქვა, რომ ეს „პოლიტიკურად არ იყო დროული“.
2 ნოემბერს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თუ პრეზიდენტი შეიწყალებს გვარამიას, „ეს იქნება პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფა“.
ვრცლად: