ახალი ამბები

კულტურის სამინისტრო საცირკო ხელოვნების ხელშესაწყობად კონკურსს აცხადებს

1 ნოემბერი, 2022 • 696
კულტურის სამინისტრო საცირკო ხელოვნების ხელშესაწყობად კონკურსს აცხადებს

კულტურის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა საცირკო ხელოვნების განვითარების ხელშესაწყობად. ინფორმაცია ამის შესახებ კულტურის მინისტრმა დღევანდელ ბრიფინგზე გაახმიანა.

უწყების განცხადებით, წელს პირველად გამოაცხადა კონკურსი. სამინისტროში აცხადებენ, რომ აქამდე, ათწლეულების მანძილზე, სახელმწიფოს საცირკო ხელოვნების ხელშეწყობისთვის არ გადაუდგამს ქმედითი ნაბიჯები:

„ამ ხარვეზზე არაერთხელ მიაქციეს სამინისტროს ყურადღება დაინტერესებულმა პირებმა და, ასევე, დეპუტატებმა “მინისტრის საათის” ფორმატში“, – აცხადებენ კულტურის სამინისტროში.

უწყების თქმით, კონკურსის,  „ცირკის განვითარების ხელშეწყობა“, მიზანია, მოხდეს საცირკო ხელოვნების განვითარება და პოპულარიზაცია საქართველოში მოქმედი ცირკის პროფესიული თუ სამოყვარულო დასების, ჯგუფების, დამოუკიდებელი არტისტების შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობის გზით.

სამინისტროში აღნიშნავენ, რომ კონკურსის ბიუჯეტი 80 000 ლარია:

„კონკურსის ფარგლებში მიიღება პროექტები, რომლებიც ითვალისწინებს პროფესიული თუ სამოყვარულო საცირკო დასების, მათ შორის – მობილური საცირკო დასები, ე.წ. შაპიტოს, ჯგუფებისა და დამოუკიდებელი არტისტების ხელშეწყობასა და სხვადასხვა საჭირო (შემოქმედებითი, სასწავლო და/ან მატერიალურ-ტექნიკური) ხარჯით უზრუნველყოფას.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, რომელთაც აქვთ საცირკო ხელოვნების ნებისმიერ ჟანრში საგანმანათლებლო თუ შემოქმედებითი საქმიანობის გამოცდილება. კონკურსში შეიძლება უპირატესობა მიენიჭოს კონკურსანტს, რომელიც წინასაახალწლოდ გამართავს საცირკო წარმოდგენებს საქართველოს რეგიონებში. კონკურსანტს მხოლოდ ერთი საპროექტო განაცხადის წარმოდგენა შეუძლია“, – ვკითხულობთ კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების თქმით, საკონკურსო დოკუმენტები უნდა იყოს ქართულ ენაზე, ხოლო უცხოენოვანი დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში, აუცილებელია მათი ქართულენოვანი თარგმანი. ქართულ ენაზე თარგმნილი დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს სანოტარო წესით (გარდა ინგლისური, ფრანგული, გერმანული და რუსული ენებიდან თარგმანისა). კულტურის სამინისტროს თქმით, საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს შეუძლია კონკურსანტს მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ საკონკურსო განაცხადები მიიღება 2022 წლის 1 ნოემბრიდან 2022 წლის 10 ნოემბრის 12:00 საათამდე ან ნაბეჭდი სახით სამინისტროში.

მასალების გადაბეჭდვის წესი