ახალი ამბები

“სააკაშვილი პოლიტპატიმარია” – ომბუდსმენობის კანდიდატი

1 ნოემბერი, 2022 • 1201
“სააკაშვილი პოლიტპატიმარია” – ომბუდსმენობის კანდიდატი

სახალხო დამცელობის კანდიდატი მაკა მინდიაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია.

ამის შესახებ მან დღეს, პირველ ნოემბერს, პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მინდიაშვილს სააკაშვილის მმართველობის პერიოდზე კითხვები დაუსვა „ქართული ოცნების“ წევრმა გიორგი ცაგარეიშვილმა.

„დაახლოებით ბოლო 6 წლის მანძილზე 457 პირი იყო ცნობილი დაზარალებულად საქართველოს პროკურატურის მიერ 2012 წლამდე ფაქტებთან დაკავშირებით. აქედან 323 პირს 60 მილიონ ლარზე მეტი ქონება დაუბრუნდა უკან. თქვენი აზრით, როდის იყო ეს ქონება წართმეული? მე არ ვყოფილვარ საქართველოს პრეზიდენტი მაშინ, მან[მიხეილ სააკაშვილმა] არ იცოდა ამის შესახებ არაფერი?“- ჰკითხა ცაგარეიშვილმა მაკა მინდიაშვილს.

„მე უფრო მგონია, რომ თვითონ გარემოცვა აკეთებდა ამ ყველაფერს, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი“, –  უპასუხა მაკა მინდიაშვილმა.

ამის შემდეგ ცაგარეიშვილმა მას ჰკითხა, ფიქრობს თუ არა, რომ მიხეილ სააკაშვილი დღეს პოლიტპატიმარია.

„დიახ, და ნებისმიერი თქვენგანიც რომ იყოს დღეს ციხეში, თქვენ იქნებოდით იგივენაირად პოლიტპატიმარი“, – განაცხადა მაკა მინდიაშვილმა.

ცაგარეიშვილის დაზუსტებაზე, რომ ანუ ის საქმეები, რისთვისაც სააკაშვილი გასამართლდა, შეკერილია? – მინიდაშვილმა უპასუხა:

„შეკერილი არ არის, მაგრამ ძალიან სუსტი არგუმენტებია იმისთვის, რომ საქართველოს პრეზიდენტი გაასამრთლო“, – განაცხადა მინდიაშვილმა.

„ანუ 7 ნოემბერიც, ყველაფერი ის, რაც მოხდა,  გააკეთა სააკაშვილის გარემოცვამ და არა მან?“, – ჰკითხა ცაგარეიშვილმა მინდიაშვილს.

მინდიაშვილის თქმით, სააკაშვილმა, რა თქმა უნდა, იცოდა ქვეყანაში რა ხდებოდა.

ამის შემდეგ ცაგარეიშვილმა ჰკითხა, თუ იცოდა, ე.ი. არ არის პოლიტპატიმარი, მინდიაშვილმა უპასუხა, რომ ის საქართველოს მესამე პრეზიდენტი იყო.

„კანონის წინაშე ყველა თანასწორი არ არის? პრეზიდენტობა ინდულგენციაა?“ – ჰკითხა ცაგარეიშვილმა მინდიაშვილს, რასაც მინდიაშვილი დაეთანმა.

„ყველა თანასწორია, მაგრამ… [პრეზიდენტობა ინდულგენცია] არის კი, რატომ არ არის?“ – განაცხადა მინდიაშვილმა.

მინდიაშვილის თქმით, იგი ენმ-ის მხარდამჭერი იყო.


მოქმედ სახალხო დამცველს უფლებამოსილების ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ეწურება.

პარლამენტმა სახალხო დამცველი სრული შემადგენლობის სამი მეხუთედით, ანუ 90 ხმით უნდა აირჩიოს. დღეს პარლამენტში კი 90 დეპუტატი არცერთ პოლიტიკურ სუბიექტს, მათ შორის, არც „ქართულ ოცნებას“ არ ჰყავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი ომბუდსმენის ასარჩევად საჭიროა როგორც „ოცნების“, ისე საპარლამენტო ოპოზიციის წევრების ხმები.

სახალხო დამცელის შესარჩევ კონკურსში სულ 19 კანდიდატი მონაწილეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი