ახალი ამბები

ომბუდსმენობის კანდიდატის თქმით, რუსეთში 2 წლის განმავლობაში დისტანციურად სწავლობდა

31 ოქტომბერი, 2022 • 1162
ომბუდსმენობის კანდიდატის თქმით, რუსეთში 2 წლის განმავლობაში დისტანციურად სწავლობდა

დღეს, 31 ოქტომბერს, პარლამენტში სახალხო დამცველობის კიდევ ერთ კანდიდატს, ნუგზარ კოხრეიძეს მოუსმინეს.

შეფასების კომისიის მიერ დაწერილი ქულებით ომბუდსმენობის 19 კანდიდატს შორის  კოხრეიძე მესამე ადგილზეა.

კოხრეიძის მოსმენისას მისი რუსეთში მიღებული განათლებით დაინტერესდა „ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ზარქუა. კერძოდ, ზარქუამ კოხრეიძეს ჰკითხა, რატომ აირჩია 2018-2020 წლებში ცოდნის მისაღებად რუსეთი.

„ჩვენთვის რუსეთი არის ოკუპანტი და გარდა ამისა, იდეოლოგიურად შეუთავსებელი, ჩვენ სხვა მიმართულება ავირჩიეთ და ვცდილობთ, რომ სახელმწიფო მაქსიმალურად ინტეგრირებული იყოს ევროპასთან. თქვენ 2018-2019 წლებში გაიარეთ[რუსეთში გადამზადება], რა გადამზადება დაგჭირდათ ისეთი, რომ რუსეთი აირჩიეთ? სანამ ამას ვნახავდი, თქვენ მიმართ პოზიტიურად ვიყავი განწყობილი“, – ჰკითხა ზარქუამ კოხრეიძეს.

ზარქუას პასუხად კოხრეიძემ აღნიშნა, რომ მას საშუალო განათლება რუსულ ენაზე აქვს მიღებული და რუსეთში ჩაბარებაც მეგობრის რეკომენდაციით გადაწყვიტა.

„მე საშუალო სკოლა დავამთავრე ყაზახეთში, ჩემი მშობლები იქ ცხოვრობდნენ. ვინაიდან ქართული კარგად არ ვიცოდი, ამიტომ რუსული სკოლის დასრულება მომიწია საქართველოში და შემდეგ მომიწია რუსულ ენაზე განათლების მიღება იმიტომ, რომ არ ვიცოდი, რამდენად შევძლებდი ქართულ ენაზე უმაღლესი განათლების ბოლომდე მიღებას.

ვინაიდან მე ვარ ტრენერი, მათ შორის საერთაშორისო ტრენერი, ბევრი მიმართულებით, ერთ-ერთი არის პიროვნული განვითარება.

პიროვნული განვითარების ნაწილში მე ამ სკოლის მასალებით ვსარგებლობდი ჯერ კიდევ 1997 წლიდან, რომელიც დავასრულე.

ეს არის იმდენად საინტერესო მიდგომა და მასალები, პიროვნული განვითარების ძალიან დიდი ციკლია. მე ვიყავი დაინტერესებული ამ მიდგომებით და ჩემმა მეგობარმა, რომელიც ასევე არის პიროვნული განვითარების საკითხებში „ქოუჩი“, მირჩია, რომ მოვხვდებოდი იმ ადამიანთან, ვის წიგნებსაც ვიყენებდი ჩემს პიროვნული განვითარების პროგრამებში. და ამიტომ ჩავაბარე მასთან”, – აღნიშნა კოხრეიძემ.

ზარქუას დამაზუსტებელ კითხვაზე, მისი ეს განათლება რუსულ მოდელზე დგას თუ არა, კოხრეიძე პასუხობს:

„არა, არ დგას რუსულ მოდელზე. თვითონ ეს სკოლა არ დგას რუსულ მოდელზე. რუსეთში კი არის, მაგრამ მათი მიდგომები რუსული არ არის. ავტორი არის რუსი, მაგრამ მიდგომები არ არის. მიდგომები არის იგივე, რაც დასავლეთშია პოპულარული“, – აღნიშნა კანდიდატმა.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა ნუგზარ კოხრეიძეს, რათა დაეზუსტებინა, სად სწავლობდა 2018-2020 წლებში. როგორც მან განაცხადა, რუსეთის პრაქტიკული ფსიქოლოგიის უნივერსიტეტში დისტანციურად, საქართველოდან სწავლობდა.

„ეს არის პრაქტიკული ფსიქოლოგიის უნივერსიტეტი და ამ უნივერსიტეტის შემადგენელი ნაწილია სინტონცენტრი – პიროვნული განვითარების ერთ-ერთი ნაწილია ეს მიდგომა.

ეს არის დისტანციური სწავლების კურსი, რომელიც იყო ორწლიანი და ეხებოდა „ქოუჩინგის“ ტრენინგების წამყვანობას და ფსიქოლოგის კონსულტირებას. ეს იყო ორწლიანი გადამზადების კურსი, რომელიც მე გავიარე დისტანტციურად, საქართველოდან ვსწავლობდი. მე რუსეთიდან ბოლოს 1996 წელს დავბრუნდი და მას შემდეგ არ ვყოფილვარ“, – განუცხადა ნეტგაზეთს ნუგზარ კოხრეიძემ.

ნუგზარ კოხრეიძის CV-ის შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი