ახალი ამბები

სახალხო დამცველმა “საზმაუდან” 3 ჟურნალისტის გათავისუფლებაზე დარღვევა დაადგინა

31 ოქტომბერი, 2022 • 923
სახალხო დამცველმა “საზმაუდან” 3 ჟურნალისტის გათავისუფლებაზე დარღვევა დაადგინა

სახალხო დამცველის ოფისმა “საზოგადოებრივი მაუწყებლიდან” გათავისუფლებული სამი ჟურნალისტის საქმეზე არსებითი დარღვევა დაადგინა და მაუწყებელს მიმართა მათი სამსახურში აღდგენის რეკომენდაციით.

ხსენებულ ცნობას, რომელიც “საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველომ” გაავრცელა, “ნეტგაზეთს”უდასტურებენ ომბუდსმენის ოფისში.

საუბარია იმედა დარსალიაზე, თამთა ჯანაძესა და სოფო ზედელაშვილზე. დარსალიას მიჰყავდა გადაცემა “ახალი კვირა”, ჯანაძე და ზედელაშვილი კი ამავე გადაცემის ჟურნალისტები იყვნენ.

მიმდინარე წლის თებერვალში მათ თქვეს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან გადაცემისადმი ცენზურის მცდელობებს ჰქონდა ადგილი, აპრილში კი ყველა მათგანი გაათავისუფლეს სამსახურიდან.

ჟურნალისტების ინტერესებს ამჟამად იცავს “საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო”. ორგანიზაციამ მიმართა როგორც სასამართლოს, ისე სახალხო დამცველს.

“საქმის მასალების შესწავლის შემდეგ, სახალხო დამცველის ოფისმა საზოგადოებრივ მაუწყებელს მიმართა რეკომენდაციით, ბათილად ცნოს ბრძანებები [სამივე ჟურნალისტის] დათხოვნის შესახებ და თითოეული მათგანის მიმართ გამოიყენოს საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული რესტიტუციის შესაბამისი ღონისძიება.

გატარებული ღონისძიების თაობაზე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სახალხო დამცველის აპარატს კანონმდებლობით დადგენილ 20-დღიან ვადაში უნდა აცნობოს”, — აღნიშნავს ორგანიზაცია.

რა ხდებოდა მანამდე

“ახალი კვირის” ბოლო ეპიზოდი ეთერში გავიდა 2021 წლის 26 დეკემბერს, გუნდის მიმართ ცენზურის შესაძლო მცდელობების საკითხზე საუბარი კი მიმდინარე წლის თებერვალში, გადაცემის აწ უკვე ყოფილი წამყვანის, იმედა დარსალიას საჯარო განცხადებების შემდეგ გააქტიურდა.

დარსალიამ თქვა, რომ მიმდინარეობდა გადაცემის რეორგანიზაცია, რაც რეალურად მის წინააღმდეგ მიმართული გადაწყვეტილება იყო. მისივე ინფორმაციით, დეკემბრის ბოლოს უთხრეს, რომ აღარ იქნებოდა “ახალი კვირის” წამყვანი.

დარსალიას ამ კომენტარების შემდეგ, გადაცემის გუნდმა ორი განცხადება გაავრცელა. ორმა ჟურნალისტმა, თამთა ჯანაძემ და სოფო ზედელაშვილმა თქვეს, რომ გადაცემაში ნამდვილად იყო ცენზურის მცდელობის ფაქტები, მეორე განცხადების ხელმომწერებმა კი ეს უარყვეს.

გადაცემის ზოგიერთი ჟურნალისტის ხელმოწერა ამ ორი განცხადებიდან არცერთზე არ ფიქსირდება.

მეორე მხრივ, 28 აპრილს “ნეტგაზეთის” ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინტერვიუ გადაცემის ყოფილ ჟურნალისტთან, სოფო მთივლიშვილთან, რომელმაც დაადასტურა ცენზურის მცდელობები.

მაუწყებლის მენეჯმენტმა თებერვალში გავრცელებული განცხადებით უარყო როგორც ცენზურის მცდელობები, ისე გადაცემის დახურვის შესახებ ინფორმაცია. მენეჯმენტმა თქვა, რომ არხი მაყურებელს გადაცემის განახლებულ ფორმატს შესთავაზებდა, რომელზეც სწორედ „ახალი კვირის“ გუნდი მუშაობს.

ცნობილია, რომ ცენზურის მცდელობების შესახებ აწ უკვე გათავისუფლებული ჟურნალისტების განცხადებებთან დაკავშირებით საზოგადოებრივი მაუწყებელი მოკვლევას ატარებს.

იმედა დარსალიას თქმით, მოკვლევა ჟურნალისტების საჯარო განცხადებებიდან თვენახევრის შემდეგ დაიწყო და “მხილებული თანამდებობის პირები დროებით, მოკვლევის დასრულებამდეც კი არ ჩამოშორებულან დაკავებული პოზიციებიდან”.

დარსალიას, ჯანაძისა და ზედელაშვილის გათავისუფლების შესახებ 29 აპრილს გახდა ცნობილი. დარსალიამ თქვა, რომ გათავისუფლების მიზეზად საჯარო სივრცეში ცრუ და დაუსაბუთებელი განცხადებების გაკეთება იყო მითითებული, მაუწყებლის ადმინისტრაციამ კი “ახალი კვირის” გუნდის იმ ნაწილს, რომელიც არხზე დარჩა, უთხრა, რომ გადაცემა ეთერში აღარ გავიდოდა.

იმავე პერიოდში მაუწყებელი “ახალი კვირის” ჟურნალისტმა ქეთი თუთბერიძემ დატოვა და, კოლეგების ნაწილის მსგავსად, მანაც დაადასტურა ცენზურის მცდელობები არხზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი