ახალი ამბები

დღეს საქართველოში დემოკრატიული მმართველობაა, თუმცა აქვს გამოწვევები – ომბუდსმენობის კანდიდატი

31 ოქტომბერი, 2022 • 553
დღეს საქართველოში დემოკრატიული მმართველობაა, თუმცა აქვს გამოწვევები – ომბუდსმენობის კანდიდატი

სახალხო დამცველობის კანდიდატი ნუგზარ კოხრეიძე აცხადებს, რომ საქართველოში დღეს დემოკრატიული მმართველობაა, თუმცა გამოწვევები არსებობს.

ამის შესახებ მან დღეს, 31 ოქტომბერს, პარლამენტში მოსმენისას განაცხადა.

ნუგზარ კოხრეიძეს „ქართული ოცნების“ წევრმა გიორგი ცაგარეიშვილმა ჰკითხა საქართველოში დღევანდელი მმართველობა დემოკრატიულია თუ ანტიდემოკრატიული.

„მე ვთვლი, რომ დემოკრატიულია, თუმცა მას აქვს გამოწვევები. ხშირად მეკითხებოდნენ, რატომ იღებ ამ პროცესში მონაწილეობასო. არავინ მიცნობს მე აქ, ქუთაისში ვცხოვრობ, კარგი ცხოვრება მაქვს, ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ, იმ საქმეს ვაკეთებ, რომელიც მიყვარს – საზოგადოებასთან, ბავშვებთან, ახალგაზრდებთან ურთიერთობაა…

მე ვფიქრობ, ჩვენ კიდევ უფრო წინ უნდა წავიდეთ დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით და მეტი ჩართულობა იყოს რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის, მეტად უნდა გესმოდეთ ჩვენ როგორ ვცხოვრობთ. ძალიან ბევრი საკითხი, რომელსაც თქვენ აყენებთ, ეს არ არის რეგიონებში აქტუალური. სხვა დღის წესრიგით ვცხოვრობთ[რეგიონებში], სხვა პრობლემები გაგვაჩნია – გაცილებით მეტად სოციალური, მეტად უფრო უფლებრივი…“, – განაცხადა ნუგზარ კოხრეიძემ.

ამის შემდეგ ცაგარეიშვილმა კოხრეიძეს წინა ხელისუფლების მმართველობის შეფასება თხოვა და ჰკითხა 2003-2012 წლების მმართველობა საქართველოში დემოკრატიული იყო თუ ანტიდემოკრატიული.

„მე ერთ-ერთი აქტივისტი ვარ, რომელიც იდგა ბარიერებთან, უშიშროების შენობების წინ და აპროტესეტებდა, მაგრამ აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ, მე არ უნდა დამრჩეს განცდა, რომ რისთვისაც ვიბრძოდი, ეს სულ ტყუილად იყო. ხანდახან დეჟავუს შეგრძნებები მაქვს და ამიტომაც ვცდილობ, რომ მაქსიმალურად მეც ვიყო ჩართული“, – განაცხადა ნუგზარ კოხრეიძემ.

ცაგარეიშვილმა კოხრეიძეს ასევე ჰკითხა, არის თუ არა მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარი.

„თუ დოკუმენტებიდან გამოვალთ, მაგალითად, სახალხო დამცველს მთელი პროცესი აქვს აღწერილი, მაგრამ სახელდება არ აქვს გაკეთებული, არსად არ ამბობს, რომ პოლიტიკური პატიმარია. ეს არის მნიშვნელოვანი კითვხა მისი მხარდამჭერებისთვის, ვისთანაც მე მაქვს ურთიერთობა.

თუმცა, მე ვფიქრობ, რომ პოლიტპატიმრობა, როგორც სტატუსი, ქვეყნისთვისაც დიდი გამოწვევაა და ფრთხილი უნდა ვიყოთ ამ სტატუსების მინიჭებაში. დღეს იმ დოკუმენტაციებიდან, რაც მე შევისწავლე, ასეთ სახელდებას ვერ ვაძლევ. თუმცა საფრთხე და ეჭვი შეიძლება არსებობდეს და ჩვენ უნდა ვიმუშავოთ, რომ მსგავსი რამ მოხდეს“, – განაცხადა კოხრეიძემ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი