ახალი ამბები

2005-17 წლებში ეკლესიაში ვიყავი და არც კი ჩამიხედავს კანონში — სახალხო დამცველობის კანდიდატი

31 ოქტომბერი, 2022 • 1009
2005-17 წლებში ეკლესიაში ვიყავი და არც კი ჩამიხედავს კანონში — სახალხო დამცველობის კანდიდატი

სახალხო დამცველობის კანდიდატმა, ლევან კოკორაშვილმა, პარლამენტის დეპუტატებს უთხრა, რომ წლების განმავლობაში ეკლესიაში იმყოფებოდა და კანონმდებლობასთან შეხება არ ჰქონია. მას კითხვებს უსვამენ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრები.

კოკორაშვილის რეზიუმეს მიხედვით, “ყვარლის რაიონის ახალგაზრდა იურისტთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარედ” დაინიშნა 2001 წელს და საადვოკატო საქმიანობას შეუდგა “საორდერო წარმოებით საქართველოს მასშტაბით ყველა სასამართლო ინსტანციაში”.

დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ კოკორაშვილს უთხრა, რომ სახალხო დამცველობის კანდიდატების შემფასებელი კომისიისგან მას ერგო 53 ქულა. მაქსიმალური ქულა, რომელიც კანდიდატად წარდგენის მსურველს შეეძლო მიეღო, 360-ს შეადგენდა.

ამ დროს კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ, ჩხეიძეს მიმართა, რომ კანდიდატის ქულების მექანიკური დაჯამება, შესაძლოა, არ ასახავდეს კომისიის წევრთა ზუსტ დამოკიდებულებას კანდიდატისადმი, რადგან კომისიის წევრებს შეეძლოთ, საერთოდ არ დაეწერათ შეფასება ამა თუ იმ კანდიდატისთვის, თუ მიიჩნევდნენ, რომ მის შესახებ საკმარისი ინფორმაცია არ ჰქონდათ.

“ბატონო მიხეილ, მე გავეცანი არა მხოლოდ ქულების რაოდენობას, არამედ იმას, როგორ შეაფასა თითოეულმა მათგანმა, და გავეცანი შენიშვნებსაც, რომლებიც ზოგს ჰქონდა გამოთქმული და ზოგს არა.

ეს არ არის მექანიკური დაჯამება. ბევრია იქ ისეთი, სადაც არ არის ქულა მინიჭებული…” ,— უთხრა ჩხეიძემ სარჯველაძეს, შემდეგ კი ლევან კოკორაშვილს ჰკითხა, მისი აზრით, რით იყო ეს გარემოება განპირობებული.

კოკორაშვილმა დეპუტატს უთხრა, რომ თავიდანვე არასწორად მიაჩნდა  შემფასებელი კომისიის შექმნა, რადგან არ იყო განსაზღვრული, “რა მექანიზმით, საიდან უნდა მოეხდინათ ამა თუ იმ კანდიდატის შეფასება…”.

“ერთადერთი იყო ინტერნეტ სივრცე. ინტერნეტ სივრცე არის ჭორაობის სივრცე”, — თქვა მან.

კოკორაშვილის ხედვით, მართლზომიერი შეფასებისთვის კომისიას უნდა ჰქონოდა ხელმისაწვდომობა მეტ ინფორმაციაზე და ამოეღო “გახმაურებული საქმეები”, რომლებშიც მას, როგორც ადვოკატს, მონაწილეობა მიუღია და მოუგია.

მანვე თქვა, რომ ყოველთვის საადვოკატო საქმიანობით არ ყოფილა დაკავებული, 2005-2017 წლებში “განსხვავებულ სფეროში” იყო და “არანაირი იურისპრუდენცია და სამართალი არ არსებობდა” მის ცხოვრებაში. როგორც სახალხო დამცველობის კანდიდატმა, მოგვიანებით დააზუსტა, რომ ეკლესია იგულისხმა.

“მე ეკლესიაში ვიყავი მთელი ეს წლები და საერთოდ არც კი ჩამიხედავს კანონში და არანაირად არ შევხებივარ კანონმდებლობას და სამართალს, საერთოდ ცხოვრებას. აქაურ, მიწიერ თქვენს ცხოვრებას საერთოდ არ ვეხებოდი არანაირად.

მე ჩემი სფერო მქონდა და ამ მიმართულებით ვცხოვრობდი. ასე ამოეღოთ”, — თქვა მან.

ლევან კოკორაშვილის თქმით, უკანასკნელ წლებში დაუბრუნდა იურიდიულ საქმიანობას.

“2017 წლიდან განვაახლე, ვაახლებ და ვაახლებ ყოველდღე”, — დასძინა მან.

ლევან კოკორაშვილის CV, რომელიც პარლამენტის ვებგვერდზეა ატვირთული, CV-ის სტანდარტების დარღვევით, მესამე პირში, ერთ გვერდზეა დაწერილი. ნატო ჩხეიძემ კანდიდატს ამ დეტალზეც ჰკითხა, რაზეც კოკორაშვილმა უპასუხა, რომ CV-ის ეს ვერსია ისე გაგზავნეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, თავად ამის შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა:

“მე მას [ვინც CV გაგზავნა] საყვედურიც ვუთხარი და შემდეგ უკვე გავაკეთე სათანადოდ მომზადებული დოკუმენტი და გადავაგზავნე ეგ… გამოვასწორე, გადავაგზავნე სათანადო დოკუმენტი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში”.

ჩხეიძის რეპლიკის საპასუხოდ, რომ დოკუმენტის მეორე ვერსია პარლამენტის წევრებამდე არ მისულა, კოკორაშვილმა თქვა, რომ ეს მისი პასუხისმგებლობა არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი