ახალი ამბები

“ავადმყოფები არიან” — ზელენსკი კრემლის ბრალდებებზე

31 ოქტომბერი, 2022 • 1279
“ავადმყოფები არიან”  — ზელენსკი კრემლის ბრალდებებზე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს ” ავადმყოფებად” მოიხსენიებს მას შემდეგ, რაც მოსკოვმა ისაუბრა თავისი ფლოტის მიმართულებით საბრძოლო დრონის შესაძლო გაშვებაზე უკრაინის გემიდან, რომელიც სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადასაზიდად გამოიყენება.

მოსკოვმა უკრაინა დაადანაშაულა სევასტოპოლის პორტში შავი ზღვის ფლოტზე თავდასხმაში, რის შემდეგაც უკრაინის მარცვლეულის ექსპორტის შესახებ გაეროსა და თურქეთის მონაწილეობით დადებული შეთანხმებიდან გავიდა.

“ეს არის პასუხი ყველასთვის, ვინც რუსეთთან მოლაპარაკებას გვთავაზობს”

“რა მოისმინა ამჯერად მსოფლიომ? რომ ვიღაც მარცვლეულის სატვირთოდან უშვებს დრონებს… ადრე ლაპარაკობდნენ საბრძოლო ფრინველებზე, შემდეგ — საბრძოლო მწერებზე და ახლა საუბრობენ საბრძოლო მარცვლეულზე… მკვლელ ხორბალზე, რომელიც რუს ადმირალებს ძირავს.

რა უნდა ითქვას? მართლაც ავადმყოფები არიან. მაგრამ ეს ავადმყოფები კიდევ ერთხელ აყენებენ მსოფლიოს მძიმე სასურსათო კრიზისის ზღვარზე”, — ციტირებს ზელენსკის “უკრაინსკა პრავდა”.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ მსოფლიოში სურსათის ფასების ზრდაში  ერთადერთი დამნაშავე რუსეთია და ხალხი ეთიოპიაში, იემენში და სომალიში საკვების კატასტროფული დეფიციტის წინაშე რჩებიან.

“რა თქმა უნდა, პარტნიორები ცდილობენ, დაარწმუნონ ტერორისტული სახელმწიფო, ცოტათი შეანელოს შანტაჟი. მაგრამ არის კი ეს რეალური?!

ჯერჯერობით ფაქტები მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა უფრო მეტად დაინტერესებულია სასურსათო კრიზისის გამწვავებით, ვიდრე ხელმოწერილი დოკუმენტების შესრულებით. და ეს, სხვათა შორის, არის პასუხი ყველასთვის, ვინც რუსეთთან მოლაპარაკებას გვთავაზობს”, — აღნიშნა მან.

რას ამბობს რუსეთი, რას პასუხობს უკრაინა

29 ოქტომბერს რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ კიევმა დრონებით იერიში მიიტანა სევასტოპოლში განლაგებულ სამოქალაქო ხომალდებსა და საზღვაო ფლოტზე. მისი თქმით, ხომალდები, რომლებიც “კიევის რეჟიმმა” მიზანში ამოიღო, მარცვლეულის კორიდორის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა.

ამ ფონზე რუსეთმა “გაურკვეველი ვადით” დატოვა უკრაინული ხორბლის ექსპორტთან დაკავშირებით ივლისში მიღწეული შეთანხმება, აღნიშნა რა, რომ ვერ უზრუნველყოფს “სამოქალაქო გემების უსაფრთხოების გარანტიას”, რომლებიც შეთანხმების ფარგლებში მოძრაობენ.

მოსკოვის მიხედვით, თავდასხმა, რომელიც მოიგერიეს, განხორციელდა უკრაინის 73-ე საზღვაო სპეციალური ოპერაციების ცენტრის მიერ, ბრიტანეთის საზღვაო ფლოტის სპეციალისტების ხელმძღვანელობით. ის საუბრობს ერთი ხომალდის დაზიანებაზე.

ბრიტანეთმა ბრალდება უარყო, უკრაინას კი ოფიციალურად არც დაუდასტურებია და არც უარუყვია, რომ ის იდგა თავდასხმის უკან. უკრაინის არმიამ გამოთქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა, რუსები თავად არიან პასუხისმგებელნი აფეთქებებზე.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ აღნიშნა, რომ მოსკოვმა მარცვლეულის დერეფნიდან 220 კილომეტრის მოშორებით მომხდარი აფეთქებები გამოიყენა როგორც “ცრუ საბაბი” იმ ნაბიჯისთვის, რომელიც მანამდე ჰქონდა განზრახული.

რუსეთის მტკიცებით, თავდასხმაში მონაწილეობდნენ როგორც საჰაერო, ისე საზღვაო დრონები. მოსკოვის მიხედვით, საზღვაო დრონები ოდესის მახლობლად მდებარე სანაპიროდან გაუშვეს და მარცვლეულის დერეფნის უსაფრთხოების ზონის გასწვრივ გადაადგილდებოდნენ სევასტოპოლის ყურეში შესვლამდე.

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ერთ-ერთი საზღვაო დრონი, როგორც ჩანს, თავად მარცვლეულის დერეფნის უსაფრთხოების ზონიდან ისროლეს.

“ეს შეიძლება მიუთითებდეს ამ მოწყობილობის წინასწარ გაშვებაზე ერთ-ერთი სამოქალაქო გემიდან, რომელიც დაქირავებულია კიევის ან მისი დასავლელი პატრონების მიერ უკრაინის საზღვაო პორტებიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტისთვის”, — ამბობს მოსკოვი.

უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი “ბოდვას” უწოდებს ხსენებულ ბრალდებას.

“ეს უბრალოდ შეუძლებელია. მარცვლეულის სატვირთო გემებს არაფერი აქვთ საერთო სხვა პროცესებთან ჩვენს ქვეყანაში, მის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ყირიმში. ის, რასაც ისინი ახმიანებენ, არის პარანოიდული მტკიცებები…”, — აღნიშნა მან.

ბოლო დღეებში კიევმა მოსკოვი დაადანაშაულა გემების მოძრაობის განზრახ შეფერხებაში, რის შედეგადაც 170-ზე მეტი გემისაგან შემდგარი გრძელი რიგი წარმოიქმნა.

სევასტოპოლი ყირიმის ნახევარკუნძულზე ყველაზე დიდი ქალაქია, რომლის ანექსიაც რუსეთმა 2014 წელს მოახდინა. BBC აღნიშნავს, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტი უკრაინელების სამიზნე აპრილში გახდა, როცა კრეისერი „მასკვას“ ჩაძირვა შეძლეს.

ხორბლის შეთანხმების მნიშვნელობა

უკრაინა, რუსეთთან ერთად, მსოფლიოში ხორბლის ერთ-ერთი მთავარი მწარმოებელია.

ომის დაწყების შემდეგ, რუსული აგრესიისა და პორტების ბლოკირების გამო, უკრაინა ვერ ახერხებდა ხორბლის ექსპორტს,  მსოფლიოში კი საკვების ფასები მკვეთრად გაიზარდა.

მნიშვნელოვანი სასურსათო კრიზისის წინაშე აღმოჩდნენ ისეთი ქვეყნები, რომლებიც მანამდეც დიდი ეკონომიკური გამოწვევების წინაშე იდგნენ.

ამ ფონზე, ივლისში, თურქეთსა და გაეროს შუამავლობით, რუსეთსა და უკრაინას შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის თანახმადაც მოსკოვმა მარცვლეულის გემებს უფლება მისცა, დაეტოვებინათ უკრაინის შავი ზღვის პორტები.

შეთანხმების ფარგლებში 9 მილიონ ტონაზე მეტი უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი უკვე განხორციელდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი