ახალი ამბები

უკრაინული ხორბლის ექსპორტი გაგრძელდება — შეთანხმება მიღწეულია

22 ივლისი, 2022 • 1701
უკრაინული ხორბლის ექსპორტი გაგრძელდება — შეთანხმება მიღწეულია

უკრაინამ ხელი მოაწერა შეთანხმებას თურქეთთან და გაეროსთან, რათა შავი ზღვის რეგიონიდან ხორბლის ექსპორტი გაგრძელდეს.

ინფორმაცია უკრაინის მთავრობის პრეს-სპიკერმა გაავრცელა.

ომის დაწყების შემდეგ, რუსული აგრესიისა და პორტების ბლოკირების გამო, უკრაინა ვერ ახერხებდა ხორბლის ექსპორტს.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ გამორიცხულია რაიმე ტიპის შეთანხმება რუსეთთან.

„უკრაინა ხელს არ მოაწერს რაიმე დოკუმენტს რუსეთთან. ჩვენ ვდებთ შეთანხმებას თურქეთსა და გაეროსთან“, – განაცხადა მან.

თურქეთი რუსეთსა და უკრაინას შორის ხორბლის ექსპორტთან დაკავშირებით მოლაპარაკებების შუამავალი იყო.

თურქეთის როლს ხაზი გაუსვა თავად ვლადიმერ პუტინმაც, როდესაც იგი თურქ კოლეგას რამდენიმე დღის წინ თეირანში შეხვდა.

უკრაინა, რუსეთთან ერთად, მსოფლიოში ხორბლის ერთ-ერთი მთავარი მწარმოებელია.

მას შემდეგ, რაც ომისა და სანაოსნო გზების ბლოკირების გამო უკრაინიდან ხორბლის ექსპორტი შეწყდა, მსოფლიოში საკვების ფასები მკვეთრად გაიზარდა.

მნიშვნელოვანი სასურსათო კრიზისის წინაშე დადგნენ ისეთი ქვეყნები, რომლებიც მანამდეც დიდი ეკონომიკური გამოწვევების წინაშე იდგნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი