ახალი ამბები

„გავაგრძელებ ძებნას, სანამ არ ვიპოვი“ – სეულის ჭყლეტაში მოყოლილი გოგოს დედა

30 ოქტომბერი, 2022 • 2428
„გავაგრძელებ ძებნას, სანამ არ ვიპოვი“ – სეულის ჭყლეტაში მოყოლილი გოგოს დედა

თითქმის 24 საათი გავიდა მას შემდეგ, რაც სეულში ჰელოუინის აღნიშვნისას 153 ადამიანი ჭყლეტაში დაიღუპა. 150-მდე ადამიანი კი დაშავდა.

ან იეონ-სონი ერთ-ერთია, ვისი შვილიც გუშინ საღამოს ღია ცის ქვეშ გამართულ კოსტუმირებულ ღონისძიებას ესწრებოდა.

დედა იხსენებს, რომ შვილი ღონისძიებაზე შეყვარებულთან ერთად წავიდა, რათა სავალდებულო სამხედრო სამსახურამდე დარჩენილი დრო ერთად გაეტარებინათ. რამდენიმე საათში ბიჭმა ან იეონ-სონს დაურეკა, ატირებულმა უთხრა, რომ მისი შვილი ჭყლეტაში დაიღუპა.

„მითხრა, რომ ჩემი შვილი ადამიანების გროვის ქვეშ მოჰყვა, დაახლოებით ერთი საათის წინ. მისი იქიდან ამოყვანა ვცადე, მაგრამ ვერ შევძელიო“.

მას შემდეგ ქალი დედაქალაქის კლინიკებში დადის, რათა მისი შვილის შესახებ რაიმე ინფორმაცია მიიღოს. ჟურნალისტებთან ინტერვიუში დედა ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, გოგო 19 წლის იყო, მამის გარდაცვალების შემდეგ დაუღალავად მუშაობდა, რათა უმცროსი და-ძმის აღზრდაში დახმარებოდა.

„გავაგრძელებ ძებნას, სანამ არ ვიპოვი“, – დასძენს იგი.


ჰელოუინის დღესასწაულისთვის გამართული ღონისძიება პირველი მასობრივი დღესასწაული იყო, რომელიც პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ გაიმართა. შემთხვევა დედაქალაქის იმ უბანში მოხდა, რომელიც რესტორნებითა და კლუბებითაა ცნობილი.

ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ჭყლეტა, მაგრამ თვითმხილველები იხსენებენ, რომ „უეცრად ხალხმა ყვირილი და ერთმანეთზე მიწოლა დაიწყო“.

სეულის გადატვირთული ქუჩა ჭყლეტამდე. ფოტო: სუა ჩო

სამხრეთ კორეის ოფიციალური უწყებები ამბობენ, რომ თითქმის ყველა დაღუპული იდენტიფიცირებულია. მათივე ცნობით, მომხდარის შემდეგ პოლიციაში ათასობით განცხადება შევიდა დაკარგულ მოქალაქეებთან დაკავშირებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი