ახალი ამბები

ერთიანი სია თავშივე განწირულია – მელია არჩევნებისთვის ოპოზიციის გაერთიანებაზე

28 ოქტომბერი, 2022 • 879
ერთიანი სია თავშივე განწირულია – მელია არჩევნებისთვის ოპოზიციის გაერთიანებაზე

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ მომდევნო არჩევნებზე ოპოზიციის ერთიანი სიით მონაწილეობა თავშივე განწირულია.

ამის შესახებ მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში „სტრატეგია აღმაშენებლის“, „გირჩი – მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“ თანამშრომლობაზე საუბრისას განაცხადა.

მელიას თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ თანამშრომლობისთვის მზად იყო, არის და იქნება, თუმცა საჭიროა, რომ გაირკვეს, რა ტიპის გაერთიანებაზეა საუბარი.

მისი თქმით, ენმ მზად არის კონსულტაციებისთვის.

„უნდა გამოვკვეთოთ, რას გულისხმობს ერთიანობის იდეა. თუ ეს არ არის ერთ სუბიექტად გადაქცევა, ამას წინ არაფერი არ ედგა და არ დაუდგება. ერთიანი სია თავშივე განწირულია, უბრალოდ წარმოუდგენელია. მით უფრო, თუ ჩვენ ჯერ უნდა ვისაუბროთ, არჩევნები როგორ მოვიპოვოთ და დავუშვათ,  თუ 2024 წელს კალენდარით გაწერილი არჩვენებია, ესეც მოსაპოვებელია. მხედველობაში მაქვს თავისუფალი არჩევნები.

ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენ ამას ნათელი უნდა მოვფინოთ. თუ ჩვენ ვსაუბრობთ საარჩევნოდ ნორმალური ან ნორმალურთან მიახლოებული გარემოს  შექმნის გარშემო თანამშრომლობას, მე აქ ვხედავ მაქსიმალურად ყველა პოლიტიკური პარტიის ჩართულობას“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ამასთან, მელიამ გაიხსენა, რომ სწორედ გიორგი ვაშაძის „სტრატეგია აღმაშენებელი“ იყო ის პარტია, რომელმაც 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ენმ-სა და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან გაერთიანებაზე უარი თქვა.

„თუ უახლოეს, შარშენდელ მაგალითს ავიღებთ, უკანასკლენელი 9 წლის განმავლობაში პირველად კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების უნიკალური შანსი განჩნდა, ყველა ოპოზიციური პარტია გავერთიანდით და მე მახსოვს, უარი თქვა[გიორგი ვაშაძემ].

მნიშვნელოვანია, რა დაუდო სარჩულად ამ უარის თქმას – მას არ უნდოდა ენმ-სთან ასოცირება. მას ჰქონდა მწარე გამოცდილება ჩვენთან ურთიერთობის, არ უნდოდა და პატივი ვეცით მის არჩევანს. შარშან ჩვენთან ურთიერთობა იყო საზიანო და გაუმჯობესდა ჩვენი ზნეობრივი ნორმები?“, – განაცხადა ნიკა მელიამ.


„სტარტეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, სამი პოლიტიკური ძალა, „სტრატეგია აღმაშენებლი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“ და „დროა“ საერთო სამოქმედო გეგმაზე შეთანხმდა. თუმცა, მისი თქმით, ეს ერთ პარტიად ჩამოყალიბებას არ ნიშნავს.

მისი თქმით, ეს პროევროპელთა ერთობაა და ყველა პროევროპელისთვის კარი ღიაა.

„ჩვენთვის ამ პლატფორმაზე თუ რაც გინდათ დავარქვათ, ყველა პროევროპელისთვის, როგორც პარტიისთვის, უპარტიოებისთვის, ასევე სხვა ტიპის ორგანიზაციისთვის კარი ღიაა“, – განაცხადა ვაშაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი